მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტოში შესაძლოა, დემპინგის შესახებ რამდენიმე განაცხადი შევიდეს

649581e628a63
ელენე გოგბერაშვილი
24.06.23 09:26
614
ვაჭრობაში დემპინგთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტომ შესაძლოა მალე რამდენიმე სექტორის მიმართვის საფუძველზე მოკვლევა დაიწყოს. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე bm.ge-სთან ამბობს, რომ რამდენიმე სექტორთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ხდება წარდგენილი ინფორმაციის დამუშავება. სწორედ ამ ინფორმაციის განხილვის შემდეგ გადაწყდება, დაიწყებს თუ არა კონკურენციის სააგენტო შესაძლო დემპინგის შესახებ საქმის მოკვლევას.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები. გვაქვს რიგი ინფორმაციები და რადგანაც რთული პროცესია და ბევრი მტკიცებულების წარმოდგენას მოითხოვს ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ ინდუსტრიებს პრობლემის დასმის შემდეგ წარმოადგინონ მნიშვნელოვანი ინფორმაციები პრობლემის შესახებ და მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ შესწავლა დაიწყოს უნდა არსებობდეს პირველ რიგში დემპინგის ნიშნები, კონკრეტული კომპანიის ან იმპორტიორის კონკრეტული ქვეყნიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს ადგილობრივი ინდუსტრიებისთვის ზიანის საფრთხე ან დამდგარი ზიანის შესაძლებლობა და ეს იყოს ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში.

ვნახოთ კონსულტაციების შედეგად რა გადაწყვეტილებამდე მივალთ. რამდენიმე სექტორთან გვაქვს კონსულტაციები, მიმდინარეობს წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავება და მოძიება დამატებითი მტკიცებულებების“,-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე, თუმცა არ ასახელებს იმ სექტორებს, ვისი მხრიდანაც ბაზარზე შესაძლო დემპინგის შესახებ შევიდა ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოში.

კონკურენციის სააგენტო 2021 წლის 1-ელი ივნისიდან არის უფლებამოსილი ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულება უზრუნველყოს, თუმცა იმისთვის, რომ კონკურენციის სააგენტოში დემპინგურ იმპორტზე განაცხადი დაფიქსირდეს, კომპანიამ დემპინგური იმპორტი ფაქტებით უნდა დაასაბუთოს.

„კანონმდებლობა ვაჭრობაში „ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან არის ძალაში. 2021 წლის 1 ივნისიდან დაიწყო კონკურენციის სააგენტომ აღსრულების პროცესი, ჩამოყალიბდა შესაბამისი დეპარტამენტი და დაიწყო მუშაობა იმ ინდუსტრიებთან, რომლებიც წლების განმავლობაში სვამდნენ პრობლემას დემპინგთან დაკავშირებით.

ამ დრომდე განაცხადის შემოსვლამდე საქმე არ მისულა. იმისთვის, რომ კომპანიამ, ადგილობრივმა ინდუსტრიებმა მოგვმართონ, ამისთვის საჭიროა ადგილობრივი ინდუსტრიების 50%-ზე მეტს ჰქონდეს პრობლემა და საკითხის აქტუალობაზე თანხმობა ჰქონდეთ მათ გამოხატული. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება რიგი კრიტერიუმების მიხედვით განაცხადის მიღება და შემდეგ თუ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები აღნიშნულ საკითხზე შესწავლა დაიწყება“,-განმარტავს ლექვინაძე.

რატომ აღმოჩნდა ანტიდემპინგური კანონი არაქმედითი და რაზე მუშაობს ბიზნესი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები