მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ბაზრის მონიტორინგის მორიგი შედეგები პირველ კვარტალში გამოქვეყნდება - ირაკლი ლექვინაძე

კალონკა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის მორიგ შედეგებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოაქვეყნებს.

როგორც სააგენტოს უფროსმა, ირაკლი ლექვინაძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დროისთვის ბაზარზე ფასებთან მიმართებაში ვითარება ნორმალიზებულია და ამ ეტაპზე მოკვლევის დაწყების აუცილებლობა არ დგას.

ამასთან, ლექვინაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში საწვავის იმპორტი მეტად დივერსიფიცირებულია.

„საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი გრძელდება. 2023 წლის ანგარიში უკვე გამოვაქვეყნეთ, სადაც გარკვეული საკითხები ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს ეხება ნოემბერ-დეკემბრის პერიოდს, როდესაც მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი კონტრასტი მცირე და მსხვილ ქსელებს შორის. ასევე ფასების კლება ამ პერიოდშიც გრძელდებოდა. შემდეგი მონიტორინგის შედეგები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოქვეყნდება, ჯერჯერობით ვთვლით, რომ რაიმე საფუძველი, რომ მოკვლევის ეტაპზე გადავიდეთ, არ გვაქვს. 2023 წლის განმავლობაში არაევროპულ საწვავზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მარტიდან გარკვეული შეზღუდვები დაწესდა რუსულ საწვავზე, ამას ჯერჯერობით მნიშვნელოვანი გავლენა ქართულ ბაზარზე არ ჰქონია, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტომ აგვისტოში ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევის საფუძველზე 5 ნავთობკომპანია 4 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება გასული წლის მარტი-აგვისტოს პერიოდს, რა დროსაც სააგენტოს დასკვნით, ადგილი ჰქონდა კომპანიებს შორის მაღალი ფასის შენარჩუნებაზე შეთანხმებულ ქმედებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები