მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში სამმა ნავთობკომპანიამ გაასაჩივრა- ირაკლი ლექვინაძე

ლოგოები

კონკურენციის სააგენტომ აგვისტოში ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევის საფუძველზე 5 ნავთობკომპანია 4 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება გასული წლის მარტი-აგვისტოს პერიოდს, რა დროსაც სააგენტოს დასკვნით, ადგილი ჰქონდა კომპანიებს შორის მაღალი ფასის შენარჩუნებაზე შეთანხმებულ ქმედებას.

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთი ეკონომიკური აგენტისთვის შესაბამისი ფინანსური სანქცია შემდეგნაირად გადანაწილდა:

შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ (ს/ნ 204976302) - 450 590 ლარი;

სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/ნ 202161098) - 693 576 ლარი;

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/ნ 404391136) - 1 073 859 ლარი;

შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ (ს/ნ 202352514) - 718 986 ლარი;

შპს „რომპეტროლ საქართველოს“ (ს/ნ 204493002) - 987 886 ლარი;

კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ ნავთობკომპანიებმა სარჩელით  სასამართლოს უკვე მიმართეს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, სასამართლოდან მიღებული დოკუმენტების მიხედვით, მათ გადაწყვეტილებას სამი ნავთობკომპანია ასაჩივრებს, თუმცა სააგენტო ელის, რომ სასამართლოში დაჯარიმებული ხუთივე ეკონომიკური აგენტის სარჩელი შევა.

„ჩვენი გადაწყვეტილებით 5 კომპანიის მიმართ იქნა გამოყენებული სანქცირება რომელიც ეხებოდა კოორდინირებულ ქმედებას გასული წლის აპრილი-აგვისტოს პერიოდში. ჩვენი გადაწყვეტილება იქნა რიგი კომპანიების მხრიდან გასაჩივრებული სასამართლოში, ამ დროისთვის ჩვენ სამი კომპანიის მხრიდან გასაჩივრებული დოკუმენტი გვაქვს მიღებული სასამართლოსგან, თუმცა ველოდებით, რომ ხუთივე კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს“,-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. როგორც ირაკლი ლექვინაძემ მედიასთან განაცხადა, დღეს ბაზარზე კონკურენციის მხრივ ვითარება ნორმალიზებულია და ის გაძვირება, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება, მთლიანად საგარეო ფაქტორებს უკავშირდება.

„მოკვლევის დასრულების შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ სფეროს მონიტორინგი, რადგან ამ მიმართულებით არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში საწვავის ფასი მზარდია, კონკურენციის კუთხით ვითარება ბევრად ჯანსაღია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამას ადასტურებს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, თუ მაგალითად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიების მარჟები იყო 70-90 თეთრის ფარგლებში, მიმდინარე წელს ის სექტემბრის მდგომარეობით 5-35 თეთრის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვანი სხვაობაა.

ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ფასი მცირე და მსხვილ ქსელებს შორის არის 15-20 თეთრის ფარგლებში, როცა გასულ წელს ეს კონტრასტი 40-60 თეთრის ფარგლებში იყო. ვითარება კონკურენციის მხრივ ნორმალიზებულია, ფასების ზრდა რაც ფიქსირდება მთლიანად უკავშირდება გარე ფაქტორებს. არასაბაზრო ფაქტორებს დღეს ჩვენ გამოვრიცხავთ’,-განმარტავს ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები