მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს ხუთივე ნავთობკომპანიამ მიმართა - ასოციაცია

ბენზინგასამართი

ეკონომიკური აგენტები, რომლებიც კონკურენციის სააგენტომ კარტელური შეთანხმების საფუძველზე 4 მილიონ ლარამდე დააჯარიმა, გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ.

როგორც გავარკვიეთ, კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 5-ვე ნავთობკომპანიამ შეიტანა. ინფორმაცია დაგვიდასტურა როგორც ცალკეულმა კომპანიებმა, ისე თავად დარგობრივმა ასოციაციამ. ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა BM.GE-ს უთხრა, რომ კომპანიები არ ეთანხმებიან სააგენტოს გადაწყვეტილებას და დარღვეული უფლებების აღდგენას სასამართლოს გზით შეეცდებიან.

აღსანიშნია, რომ ჯერ პროცესი საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული არ არის. კომპანიები კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის დადგენის და ჯარიმის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების ბათილობას მოითხოვენ.

სასამართლოსგან შესაბამისი შეტყობინება უკვე მიიღო კონკურენციის სააგენტომაც, თუმცა როგორც ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, ამ ეტაპზე მხოლოდ სამი ნავთობკომპანიის სარჩელის შესახებ აქვთ ინფორმაცია.

„ჩვენი გადაწყვეტილებით 5 კომპანიის მიმართ იქნა გამოყენებული სანქცირება რომელიც ეხებოდა კოორდინირებულ ქმედებას გასული წლის აპრილი-აგვისტოს პერიოდში. ჩვენი გადაწყვეტილება იქნა რიგი კომპანიების მხრიდან გასაჩივრებული სასამართლოში, ამ დროისთვის ჩვენ სამი კომპანიის მხრიდან გასაჩივრებული დოკუმენტი გვაქვს მიღებული სასამართლოსგან, თუმცა ველოდებით, რომ ხუთივე კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს“,-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

სააგენტოს დასკვნაში ნათქვამია, რომ კომპანიებმა ხელოვნურად შეინარჩუნეს საწვავზე მაღალი ფასი, როცა აღნიშნულ პერიოდში  იაფი იმპორტი ხორციელდებოდა და კომპანიებს შეეძლოთ ქსელში გაიაფებული საწვავი შეეტანათ. ყველაზე დიდი მოცულობის ჯარიმა "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" იგივე "გალფს" დაეკისრა, რაც მილიონ ლარს აჭარბებს, ჯამში 5-ვე ეკონომიკურ აგენტს კონკურენციის სააგენტომ 4 მილიონ ლარამდე ჯარიმის გადახდა დააკისრა:

პს „ლუკოილ-ჯორჯიას“ (ს/ნ 204976302) - 450 590 ლარი;

სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/ნ 202161098) - 693 576 ლარი;

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/ნ 404391136) - 1 073 859 ლარი;

შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ (ს/ნ 202352514) - 718 986 ლარი;

შპს „რომპეტროლ საქართველოს“ (ს/ნ 204493002) - 987 886 ლარი;

„ვისოლმა” ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან იმ შინაარსს, რომელიც მოცემული იყო სააგენტოს გადაწყვეტილებაში. კომპანიამ განმარტა, რომ 2022 წლის პირველ 8 თვეში ნავთობპროდუქტების ბაზარი გამოირჩეოდა გაზრდილი ტურბულენტობით, რასაც რეგიონში შექმნილი ობიექტური ფაქტორები ედო საფუძვლად.

აღსანიშნია, რომ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ეს ნავთობკომპანიების დაჯარიმების პირველი პრეცედენტი არ არის. სააგენტომ 2015 წელს ნავთობკომპანიები ბაზრის რამდენიმეწლიანი მოკვლევის შემდეგ, ასევე კარტელური შეთანხმების საფუძვლით, 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები