მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობს კონკურენციის სააგენტო - ორგანიზაცია ანგარიშს აქვეყნებს

ირაკლი ლექვინაძე ბიემჯიში

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მესამე კვარტალის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია იმ მოკვლევებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც სააგენტომ ამ პერიოდში მიიღო. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობკომპანიების მიერ კონკურენციის პირობების დარღვევის დადგენა და კომპანიების 4 მილიონი ლარით დაჯარიმება იყო.

ნავთობკომპანიების დაჯარიმება:

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4
მილიონ ლარამდე დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით,
შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა.

კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე, სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, მოკვლევის დასრულებამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა:

სააგენტოს მიერ სასამართლოს ბრძანებით შეჩერდა - შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი „ექსკლუზივის“ პირობა.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო,
სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტები განმეორებით
დააჯარიმა.

კონკურენციის სააგენტომ, ქ. ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, ქართულ ენაზე ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მომხმარებელს უფლება აქვს - მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არ არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს. 

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, მოვაჭრის მხრიდან
უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი და დროში შეზღუდული შეთავაზების სტანდარტი დაადგინა. 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა შპს „ფორსას“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

შესაბამისად, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თითოეული მომხმარებელი დაცულია - ამანათ(ებ)ზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან. კერძოდ, სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში არსებულ ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს.

ანტიდემპინგი:

სომხეთიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ მიმდინარე შესწავლა საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ განცხადების გახმობის შემდეგ შეწყვიტა, რაც განმცხადებლის მითითებით, მის მიერ დასმულ
პრობლემურ საკითხებთან მიმართებით ბაზარზე სწრაფი პროგრესით და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებით მყარდება. სააგენტომ ინფორმაცია დაამუშავა როგორც ადგილობრივი, ასევე ექსპორტიორი ქვეყნის წყაროებზე დაყრდნობით. შესწავლის მიმდინარეობის ეტაპზევე გამოიკვეთა დაინტერესებულ მხარეთა მაღალი ხარისხის ჩართულობა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. შესწავლის დაწყებას საფუძვლად დაედო სს თბილისის თამბაქოს 2023 წლის 15 მაისის განცხადების დასაშვებობის შემოწმებასთან დაკავშირებული კვლევის ანგარიში.

მონიტორინგი:

ფერმერების მომართვის საფუძველზე, სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო. რომლის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების
ანალიზი.

მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს - კონკურენტულ გარემოს როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები. 

ამ ეტაპზე, მიმდინარე რეჟიმშია 2 მონიტორინგი: საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების მიწოდება/შეთავაზების და თხილის ბაზრის მონიტორინგები. 

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი მოხმარების პროდუქტების (“FMCG”) სექტორში „დიპლომატ ჯორჯიასა“ და “კანტის“ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა:

საკითხი ეხებოდა - შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ მიერ შპს „კანტის“ 75%-იანი წილის შეძენას. სააგენტომ
კონკურენტული გარემო შეაფასა საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტისა და საბითუმო ვაჭრობის,
ასევე, სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარზე. სააგენტომ დაადგინა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია, კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, დეველოპერულ ბაზარზე, „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის და „თეთრი კვადრატი ისანში“ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საკითხი ეხებოდა - შპს „თეთრი კვადრატი ისანის“ მიერ შპს „ანაგისგან“ შპს „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის 50%-იანი წილის შესყიდვას. სააგენტომ შეაფასა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარი. აღნიშნული ბაზრის მოცულობამ, 2022 წელს, 8 084 435 501 ლარი შეადგინა, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) 61.41-ია, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად HHI 64,14-ია, ხოლო ინდექსის ცვლილება ΔHHI მიხედვით 2,73. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად, შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის ინდექსი არსებითად არ იცვლება და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები