ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, შემდეგ კი, 2021 წლიდან, სამშენებლო სამუშაოები Log-in Georgia-ს ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა.
გეგმის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის რუკის თანახმად, ამ დროისთვის აშენებულია 1 850 კმ.
“მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ პროცესი დროში კი გაჭიანურდა, თუმცა იმ არეალებში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი უკვე აქტიურად მოხდა მცირე და საშუალო ტელეკომ კომპანიების დაერთებები. მისი თქმით, Opennet-ის შეთავაზებამ მათ საშუალება მისცა მომხმარებლებისთვის რეგიონებში ინტერნეტის სიჩქარე გაეორმაგებინათ, ფასი კი უცვლელი დაეტოვებინათ.
“შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ის ფასი რომელიც ჩვენ შემოგვთავაზა Opennet-მა და ამაში კომისია იყო ჩარეული და დაადგინეს ეს ფასი, დღეს არის უალტერნატივო და სამჯერ, ორჯერ უფრო იაფი, ვიდრე რასაც ჩვენ გვთავაზობს სხვა ალტერნატიული ქსელის ოპერატორები.
მთავარი კითხვა ალბათ მომხმარებელს შეეხება, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაწყებული სამეგრელოდან დამთავრებული აჭარა, გურიით და ზემო იმერეთით, იგივე რაჭით. ლოკაციები და კაბელები დაკავშირებული არის ერთმანეთთან, შეერთებული არის ქუთაისში ე.წ კვანძში. შეგვიძლია ვთქვათ რომ შეერთებები უკვე დასრულებულია და ქსელი მუშაობს ზეიდეალურად, ძალიან მაღალი სიმძლავრით და ძალიან მაღალი სიჩქარეებით.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებლის მხარეს თუ არ ვცდები ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში შევა უკვე ძალაში საშუალო ოპერატორების უმეტესობისგან გაკეთებული შეთავაზება, რომელიც იგივე ფასად სიჩქარეების გაორმაგებას გულისხმობს. დღეს ეს საშუალება ჩვენ მოგვეცა სწორედ იმის გამო, რომ ეს ქსელი ამოქმედდა და ამანაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ძალიან დიდ წილად ამ პროცესს. თუ იყო სიჩქარე ვთქვათ 20მბ/წ გახდება ის 50-100მბ/წ-მდე. ჩვენ შევთავაზებთ იგივე ფასში გაორმაგებულ სიჩქარეებს,”-ამბობს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური.
ცნობისთვის, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის 50%-ით ძვირდება და მისი დასრულების ვადაც 2 წლით გახანგრძლივდა. როგორც ირკვევა, რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის ასაგებად გამოყოფილი 70 მლნ ევრო საკმარისი არ არის და დამატებით დაახლოებით 40 მილიონია საჭირო.



























