ტექნოლოგიური კომპანია Retain, რომელიც მომხმარებლებსა და ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს და QR კოდებისა და URL ბმულების საშუალებით სათავო ოფისებთან უკუკავშირის/შეფასების გაგზავნის საშუალებას იძლევა, 300-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში Retain-ის თანადამფუძნებელმა, ლევან ჯაბუამ ისაუბრა.
"Retain-ში, ჩემი აზრით, ძალიან კარგად მივდივართ, როგორც ზრდის, ასევე ტექნოლოგიების კუთხითაც. გვემატება ახალი პარტნიორები, 300-ზე მეტ კომპანიას ვუწევთ სერვისს უკვე. ეს, ერთი მხრივ, ძალიან გვახარებს, მაგრამ მეორე მხრივ, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვხვდებით, რომ სწორ გზაზე ვართ და რაღაცები კიდევ უფრო უკეთესად უნდა გავაგრძელოთ.
ტექნოლოგიურად ბევრ ახალ-ახალ ფუნქციონალს ვამატებთ და ვავითარებთ. ყველაზე მთავარი, რაც ამ ბევრ კომპანიასთან პარტნიორობას და ბევრ ჭკვიან ადამიანთან ურთიერთობას აქვს, ის საინტერესო იდეებია, რომლებიც რჩება. სიახლეებს ვამატებთ, რაც ძალიან ბუნებრივია. როგორც უკუკავშირის კომპანია, უცნაური იქნებოდა, ჩვენ პარტნიორების უკუკავშირს რომ არ ვიღებდეთ", - ამბობს ლევან ჯაბუა.
როგორც Retain-ის დამფუძნებელმა BMG-ს ეთერში აღნიშნა, ტექნოლოგიური კომპანია პარტნიორებისთვის ახალ სერვისს ნერგავს, რომელიც ბიზნესებს მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირის ანალიზს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მიაწოდებს. ლევან ჯაბუას განმარტებით, AI ასისტენტი მიღებულ შეფასებებს შეისწავლის, კომპანიებს ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ მიაწვდის ანალიტიკას და პირდაპირ რეკომენდაციებსაც გაუზიარებს.
"ამ პროცესში ჩვენი დანიშნულება მხოლოდ ის არაა, რომ კომპანიებს კლიენტებისგან უკუკავშირი მივაწოდეთ, არამედ მთელი ძალისხმევა მიმართული გვაქვს იქით, რომ დავეხმაროთ კომპანიებს ამ შედეგების გაანალიზებასა და დასკვნების გაკეთებაში. ანალიტიკა სულ გვქონდა და მუდმივად ვხვეწთ ამ ფუნქციონალს, კომპანია ხედავს, რომელ ფილიალში რა ხდება, რა შეფასება აქვს და რატომ; მაგრამ, მომდევნო ეტაპზე გადავდივართ, როცა ფუნქციონალში ხელოვნური ინტელექტი შემოვიტანეთ და სულ მალე ჩვენს პარტნიორ ბიზნესებსაც შეეძლებათ მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი და, მეორე მხრივ, მათ კლიენტებსაც შეეძლებათ შეფასების დროს ხელოვნური ინტელექტი დაიხმარონ.
ჩვენი სერვისია: მომხმარებლიდან პირდაპირ სათავო ოფისში, შუამავლის გარეშე. კომპანიის მენეჯმენტს კი ამ უკუკავშირისგან დასკვნების გაკეთება სჭირდებათ, რომ ბიზნეს გადაწყვეტილებები მიიღონ. სწორედ ამიტომ, სულ მალე გავუშვებთ საჯაროდ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს, რომელიც სრულ ანალიტიკას შესთავაზებთ შეფასებებზე, რომლებიც, შეიძლება ერთ ობიექტზე ათასობითაც იყოს. ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს აანალიზებს და გამოაქვს პლუსები, მინუსები და, რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ რეკომენდაციები", - განმარტავს Retain-ის თანადამფუძნებელი.
Retain-ი პარტნიორ კომპანიებს 2023 წლის მაისიდან მომხმარებელთა შეფასებისა და კომენტარის მიღების საშუალებას აძლევს. საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული QR კოდებით, მომხმარებელი საკუთარ შეფასებასა და შენიშვნას კონკრეტული კომპანიის სათავო ოფისს უგზავნის ისე, რომ მისი კომენტარი საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა. საჭიროების შემთხვევაში, Retain-ი პარტნიორ კომპანიებს კომბინირებულ სერვისსაც სთავაზობს, რომელიც SMS მარკეტინგზე თანხმობასა და შეფასების ფორმებსაც ითვალისწინებს.




























