შსს-ს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის გამოცდისთვის 60 ახალ ავტომობილს ყიდულობს. შესყიდვის ღირებულება 4.3 მილიონ ლარს შეადგენს და მის ფარგლებში მომსახურების სააგენტო 29 ავტომატური გადაცემის კოლოფზე მომუშავე და 31 მექანიკური გადაცემის კოლოფზე მომუშავე ავტომობილს შეიძენს.
განაცხადის თანახმად, ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ორმაგი რაოდენობის პედლებითა და დამატებითი უკანა ხედვის სარკეებით.
"შემოთავაზებული მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 63 630.00 ლარს, ხოლო ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულების ჯამი (ავტომანქანის სერვისის/ნაწილის ხარჯის ჯამი (გარდა საწვავის ხარჯისა)) არ უნდა აღემატებოდეს 11 812.00 ლარს;
შემოთავაზებული ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავთოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 55 125 ლარს, ხოლო ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულების ჯამი (ავტომანქანის სერვისის/ნაწილის ხარჯის ჯამი (გარდა საწვავის ხარჯისა)) არ უნდა აღემატებოდეს 11 812 ლარს", - ნათქვამია შესყიდვის აღწერაში.
კომპანიებს ტენდერში 4 მარტის ჩათვლით შეეძლებათ განაცხადების გაკეთება.