მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებელი VS “ზუმერი” - რა გადაწყვეტილება მიიღო კონკურენციის სააგენტომ?

645351d8c5e27
BM.GE
04.05.23 10:40
5233
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „ზუმერი ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. საკითხი ეხებოდა მოქალაქე ვერონიკა კვიტაიშვილის განცხადებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიას დაევალა:

· შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს;

· მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია, მათ შორის ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ;

· აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზე www.zoommer.ge  და კომპანიის სხვა ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე. ასევე, უზრუნველყოს სარეალიზაციო მაღაზიაში და ვებგვერდზე განთავსებულ საქონელზე/მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;

· აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგათ.

გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე - 35 შეთანხმება გააფორმა. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი - 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები