მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებლები ხშირ შემთხვევაში 150-200 ლარიან ნივთსაც განვადებით ყიდულობდნენ"

5e288ff518e55
თამთა ჯიჯავაძე
22.01.20 22:05
1701
მომხმარებლები ხშირ შემთხვევაში 150-200 ლარიან ნივთსაც განვადებებით ყიდულობდნენ - ამის შესახებ „გრანდ ელექტრონიქსის“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი ჭედიამ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ საბანკო რეგულაციების გავლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, განვადებების შემცირებამ ტექნიკის მაღაზიები მნიშვნელოვნად დააზარალა, ვინაიდან გაყიდვების დიდი ნაწილი სწორედ განვადებებზე მოდიოდა.

„გავლენა იყო საკმაოდ უარყოფითი და ეს ცალსახაა, ტექნიკის მაღაზიებისთვის ვთვლი, რომ საკამაოდ მტკივნეული აღმოჩნდა რეგულაციების შედეგი. ჩვენს შემთხვევაში ძირითადი წილი მოდიოდა განვადებებზე. ჯამურ გაყიდვებში 70%-ზე მეტი წილი მოდიოდა განვადებაზე და მხოლოდ 30%-მდე წილზე მოდიოდა „ქეშად“ გადახდილი თანხა. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი 70-80%-ით შემცირდა დამტკიცებული განვადებების რაოდენობა“, - განაცხადა გიორგი ჭედიამ.

მისი თქმით, ჯამში გაყიდვები შემცირებულია მინიმუმ 30-40%-ით. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გავლენა იყო როგორც მაღალი, ასევე დაბალფასიანი პროდუქციის გაყიდვაზე. რაც შეეხება ბიზნესის რეაგირებას რეგულაციების უარყოფითი გავლენის შემცირებაზე, ჭედია აცხადებს:

„ჩვენ შიდაგანვადებებზე პირველ ეტაპზე თავი შევიკავეთ. ჩვენი რეაგირება იყო რომ საარსებო მინუმუმადე დავწიეთ ფასნამატი და ასე ვთქვათ მაქსიმალურად მოვინდომეთ, რომ დაბალბიუჯეტიანი პროდუქტის ასორტიმენტი გაგვეზარდა, რომ მომხმარებლებისთვის შედარებით მაინც ხელმისაწვდომი ყოფილიყო მათთვის საჭირო ტექნიკა.

2019 წელი ინვესტირებისთვის ვერ იქნებოდა დიდად აქტიური, იქიდან გამომდინარე, რომ ჯამური გაყიდვები შემცირდა. ტექნიკის მაღაზიისთვის საარსებო წყარო იყო განვადებები და ეს წყარო გადაიკეტა. ამიტომ მასშტაბურ ინვესტირებაზე თავი შევიკავეთ და არც გვექნებოდა ამის შესაძლებლობა“.

„გრანდ ელექტრონიქსის“ კომერციულმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ მას აქვს პოზიტიური მოლოდინი იმის, რომ რაღაც შეიცვლება.

„მსგავსი პრაქტიკით მუშაობა საკმაოდ ცუდ გავლენას ახდენს ბიზნესზე. თუკი შემსუბუქდება რეგულაციები, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამას. გაზრდილი გაყიდვები მოგვცემს ბიზნესის განვითარების საშუალებას და ეს კიდევ უფრო მეტად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავასაქმოთ უფრო მეტი ადამიანი. თუმცა, თუ ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და თუ კიდევ უფრო დამძიმდა, ეს იძულებულს გაგხვდის რომ მაქსიმალურად შევამციროთ დასაქმებულთა რაოდენობა“, - განაცხადა გიორგი ჭედიამ.

შეგახსენებთ, საბანკო რეგულაციები 2019 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა შეეზღუდათ. ამასთანავე, განისაზღვრა საშემოსავლო ჯგუფები და თითოეულისთვის დაწესდა სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი.

ამ ცვლილებიდან ერთი წლის შემდეგ კი, საქართველოს მთავრობა მათ შეცვლაზე მუშაობს. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მარტიდან, საბანკო რეგულაციები შერბილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით მოქალაქეს სესხზე ხელმისაწვდომობა გაეზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები