მონაკოში 58 წლის უკრაინელი ბიზნესმენი, ვადიმ ერმოლაევი მეუღლესა და 13 წლის შვილთან ერთად ააფეთქეს. როგორც ირკვევა, თავდასხმა საცხოვრებელ კორპუსში დატოვებულმა იმ "ამანათმა" გამოიწვია, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. ამჟამად ერმოლაევისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მათ ნიცას კლინიკაში მკურნალობენ.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები საფრანგეთში გაქცეულ, მიმალულ დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. ვიდეოკამერების ჩანაწერების მიხედვით, ეჭვმიტანილმა ლურსმნებითა და საფანტით სავსე ზურგჩანთა შენობის ვესტიბიულში დატოვა და საფრანგეთის ქალაქ ბოსოლეიში ფეხით გადავიდა. დანაშაულის უპრეცედენტო მასშტაბის გათვალისწინებით, მიმდინარე სამძებრო ოპერაციაში 100-ზე მეტი ფრანგი და მონაკოელი პოლიციელი მონაწილეობს.
მონაკოს პრინცი ალბერტ II მომხდარს უკვე გამოეხმაურა და ინციდენტს „შემზარავი დანაშაული“ უწოდა. მისი თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება უკვე მობილიზებულია. მთავრობის მეთაურის, კრისტოფ მირმანის განცხადებით, მსგავსი ტერორისტული აქტი ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა.
ცნობისთვის, ვადიმ ერმოლაევი ქალაქ დნიპროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დეველოპერია. მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი 2019 წელს თქვა და კვიპროსის პასპორტი მიიღო. 2020 წელს ჟურნალმა Forbes-მა ბიზნესმენი $230 მილიონის ქონებით უკრაინის უმდიდრეს ადამიანთა სიაში 39-ე ადგილზე გაიყვანა. ის კიევმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საქმიანობის გამო, 2023 წელს სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

























