ტრამპმა დასაქმების სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელი, ერიკა მაკ’ენტარფერი დაითხოვა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ივლისის თვის დასაქმების არც ისე სახარბიელო შედეგები გამოქვეყნდა.
მონაცემების თანახმად, გასულ თვეში შეერთებულ შტატებში მხოლოდ 73,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ცნობისთვის, მაისისა და ივნისის პერიოდებში ეს მაჩვენებელი 250,000-ს ქვემოთ არ ჩამოდიოდა.
ბაიდენის მიერ დანიშნულ კომისარს ტრამპმა რიცხვებით მანიპულაციაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მაკ’ენტარფერმა ციფრები განზრახ დაამახინჯა, რათა რესპუბლიკური პარტია და მისი ლიდერი ცუდად წარმოეჩინა. მეტიც, პრეზიდენტმა ყოფილი ხელმძღვანელი სტატისტიკის გაყალბებაში დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ ტრამპს საკუთარი ბრალდების დამამტკიცებელი არცერთი საბუთი არ წარმოუდგენია. ერიკა მაკ’ენტარფერს მისი მოადგილე, ვიცე-კომისარი, უილიამ ვიატროვსკი ჩაანაცვლებს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საკმაოდ კრიტიკულად შეხვდნენ როგორც დემოკრატიულ ისე რესპუბლიკურ პარტიაში. დასაქმების სტატისტიკის ბიუროს კომისრის განთავისუფლება უარყოფითად შეაფასეს ორივე პარტიის მიერ არჩეულმა ყოფილმა ხელმძღვანელებმა. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი რადიკალური ნაბიჯები ქვეყანაში სტატისტიკის ყველაზე ეფექტური სააგენტოსადმი ნდობას ამცირებს.




























