მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მონიტორინგის მხოლოდ რითეილზე მიმართვამ შეიძლება არასწორი მიმართულებით წაგვიყვანოს" - ექსპერტი

ია ნადირაშვილი

არსებობს თუ არა ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების შემცირების რესურსი - ამაზე დასკვნას ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მთავრობას აპრილის ბოლოს წარუდგენს. კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ფასთწარმოქნის ჯაჭვში ყველაზე გავლენიანი რითეილ სექტორია, ამიტომ კომისიას მიაჩნია, რომ ეს რგოლი სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს. ეს მანდატი სავარაუდოდ კონკურენციის სააგენტოს ექნება.

კერძო სექტორში კი ფიქრობენ, რომ ფასთწარმოქნის ჯაჭვში მხოლოდ რითეილი არ მონაწილეობს, შესაბამისად, თუ კომისია პროცესებს სწორად აფასებს, მონიტორინგს მხოლოდ რითეილი არ შეიძლება დაექვემდებაროს.

“თუ ჩვენი ფოკუსი იქნება, რომ მხოლოდ რითეილზე მივმართოთ ეს ჩვენი მონიტორინგი, მაშინ შეიძლება ამან არასწორი მიმართულებით წაგვიყვანოს იმ ძირითად მიზანთან მიმართებაში, რომ ფასები დასტაბილურდეს თუ ფასების ნიშნული შემცირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიწოდების ღირებულებათა ჯაჭვში არსებული მთლიანად ეკონომიკა შევაფასოთ და ეკონომიკის ეფექტურობაზე ვიზრუნოთ.

ამ შემთხვევაში, რაც ბოლო განცხადებით მოვისმინეთ, აქცენტი კეთდება რითეილის, ანუ საცალო ვაჭრობის ნაწილზე და აქ მონიტორინგის მექანიზმის შემოტანაზე…

ჩემთვის საინტერესოა ეს მონიტორინგის სისტემა, რას უნდა აკონტროლებდეს, რას ამონიტორინგებს - რამდენი ჩაირიცხა, სწორად ჩაირიცხა თუ არა, თუ რა მიმართულებით მიდის? იმიტომ რომ ხშირად ვადა მოსვლის დღესთან მიმართებაში ჩარიცხვაზე მეტად მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად ირიცხება თანხები. ამიტომ ჩემთვის ეს ამ ეტაპზე არ არის ნათელი და გამჭვირვალობას ამ ნაწილშიც ვისურვებდი.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს გავაკეთეთ, მონიტორინგი მხოლოდ გვინდა მონიტორინგისთვის, თუ ამის ანალიზი უნდა მოვახდინოთ? არსებობს თუ არა რაიმე მეთოდოლოგია, რითაც ვახდენთ ამის ანალიზს? ბოლო განცხადების საფუძველზე მე ძალიან ბევრი კითხვები გამიჩნდა: რა არის მიზნობრიობა ამ მონიტორინგისა, რა მექანიზმი არსებობს და მერე რა მეთოდოლოგიით ვაფასებთ",- აცხადებს Bewise Georgia-ს მმართველი პარტნიორი, რითეილ ექსპერტი ია ნადირაშვილი.

მან ფასწარმოქმნის პროცესზეც ისაუბრა და გარკვეული გამოსავლის გზებიც დაასახელა.

"პირველ რიგში, ფასწარმოქმნაზე გავლენას ახდენს შესასყიდი ფასი მწარმოებლისგან, მერე ამას ემატება დისტრიბუცია, ლოგისტიკის ხარჯი, გაცვლითი კურსი და ბევრი სხვადასხვა კომპონენტი, რაც ჯამში გავლენას ახდენს ფასის ნიშნულზე. ამიტომაც მხოლოდ საცალო მოვაჭრეებისკენ აქცენტირება და თუნდაც აქ მონიტორინგი ანგარიშსწორებაზე და ა.შ., ძირითად ფოკუსს დაგვაკარგვინებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, მიწოდების ღირებულებათა ჯაჭვის მთლიანი ეკონომიკის შესწავლა და ზუსტად აქ სისტემური მიდგომები და არა წერტილოვანი ქმედებები, რაც მთლიანად ღირებულებათა ჯაჭვს გააჯანსაღებს.

რა თქმა უნდა, ამ ჯაჭვში რომ ვილაპარაკოთ სხვადასხვა მიდგომებზე, ძალიან მნიშვნელოვანია კონცენტრირებული, ანუ მასშტაბური შესყიდვის მოცულობის გაზრდა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს შესყიდვის ძალაუფლება. ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ცენტრების, ანუ ლოგისტიკური ჰაბების განვითარება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, რაც გამჭვირვალეს გახდის პროცესებს როგორც მარაგების მართვის ნაწილში, თაროს მართვის ნაწილში, ისე დისტრიბუციის ეფექტიანობის ნაწილში, რომ ცარიელმა მანქანამ არ იაროს და იყოს მანქანების გადაადგილება მიზნობრივი, რაც ჯამში სწორედ ასეთი ქმედებებით იქნება შესაძლებელი ერთეული პროდუქტის თვითღირებულების შემცირება”,- განაცხადა ია ნადირაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები