„ვფიქრობთ, უნდა არსებობდეს ორგანო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს საცალო ქსელებს, რომლებსაც გავლენა აქვთ ბაზარზე“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში „ფასების საპარლამენტო კომისიის“ ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მონიტორინგის ფუნქცია, შესაძლოა, შეითავსოს კონკურენციის სააგენტომ. ბერეკაშვილმა მონიტორინგის საჭიროებაზე განმარტება გააკეთა, რაც მისი თქმით, სექტორში ფასწარმოქმნის პროცესს გააჯანსაღებს.
"ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც სექტორში უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი მონიტორინგი. ფასწარმოქმნის ჯაჭვში ყველაზე გავლენიანი არის საცალო ქსელები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ კომპონენტში ჩვენ შეგვეძლოს მონიტორინგი“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე, „კარგი იქნება, რომ ქსელებმა მაგალითად, ყოველ სამ თვეში ერთხელ ზედამხედველს ფინანსური რეპორტინგი გაუკეთონ“. გარდა ამისა, ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ კარგია, როდესაც პროცესი არის გაციფრულებული, როგორც ფარმასექტორშია და „ჯამში მონაწილე თითოეულ წერტილს სრული წვდომა აქვს თავიანთი პროდუქციის ბრუნვებზე, ნაშთებზე და ა.შ“.
„ფასების საპარლამენტო კომისიის“ თავმჯდომარემ ასევე კომერციული ურთიერთობების ჩარჩოს შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა ეს ურთიერთობები გახდეს პროგნოზირებადი.
„კომერციული ურთიერთობები უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი, რათა ჯაჭვში არსებულმა თითოეულმა რგოლმა იცოდეს, რომ კომერციული ურთიერთობები სტანდარტში არსებობს. ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც არის, ევროპის არაერთ ქვეყანაშია კომერციული ურთიერთობები სტანდარტიზებული“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, ფასების კომისიის შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ როგორც დისტრიბუციის, ასევე იმპორტიორების და წარმოების ნაწილში, ძირითადი პრეტენზია არის ის, რომ კომპანიებს არ შეუძლიათ საკუთარი ნაშთების სწორი მართვა, რადგან წვდომა არ აქვთ ქსელების ინფორმაციასთან.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სექტორის გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნესპროცესებს, ხოლო კომერციული ჩარჩოს შექმნა სექტორს გახდის პროგნოზირებადს და კონკურენტუნარიანს, რაც საუკეთესო ფასის ფორმირებაში გამოიხატება. ამ მიმართულებით საშუალოვადიანი გეგმა, რომლის პერიოდში სექტორი უნდა გაჯანსაღდეს, უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდეს, უნდა არსებობდეს ორგანო, რომელიც გაუწევს მონიტორინგს იმ ქსელებს, რომლებსაც განსაკუთრებულად დიდი გავლენა აქვთ ბაზარზე და ფასის შემქმნელები არიან.
მნიშვნელობა აქვს ფინანსურ დისციპლინას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს კომპანიებთან [საცალო ქსელებთან], რომელთა ბრუნვა წელიწადში 1,2,3 მილიარდი ლარია. ამ რგოლში ქვემოთ არსებული დისტრიბუტორისთვის, მწარმოებელისა თუ იმპორტიორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რომ გადახდა ხორციელდებოდეს კონკრეტული კომერციული პირობების შესაბამისად. როდესაც ვარ საცალო ქსელი, დიდი ცდუნებაა, რომ გადახდის პირობა დავარღვიო. ამას სჭირდება მონიტორინგი. ჩვენ არ ჩავერევით კომერციულ ურთიერთობაში, თუ ორმა მხარემ მოილაპარაკა, რომ გადახდის პირობა არის 60 დღე ან 35 და 40. მაგრამ ხდება გადაცდენა და ასეთი შემთხვევები ბევრია, როდესაც ჩვენ შევისწავლეთ კომერციული ურთიერთობები, ამ შემთხვევაში აღნიშნულ ქსელებს აქვთ ცდუნება რომ გაახანგრძლივონ გადახდები. ასეთ შემთხვევაში 1 დღის გადაცდენაც კი 0,5 მილიონიდან 4 მილიონამდე დამატებით თავისუფალ კაპიტალს წარმოქმნის მათთვის, გააჩნია ქსელს. თუ 10 დღით გადასწია, საუბარი გვაქვს 15-40 მილიონ ლარამდე. მაგრამ ჯაჭვის ქვედა სუბიექტებს ეს თანხები აკლდებათ და იძულებული არიან დამატებითი რესურსი მოიზიდონ, რომელიც საბოლოოდ პროდუქტის ღირებულებაში აისახება და ეს ჯაჭვი მუდმივად დამატებით ხარჯებს ქმნის. ამის გაჯანსაღება მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ბაზარს. მაგრამ ეს ერთდღიანი პროცესი არ არის. როდესაც ქსელებს კორექციას სთხოვ - იქ არის 120-დღიანი და უფრო მეტი დარღვევებიც - ეს რომ გაასწორონ, ამას კაპიტალი სჭირდება და ჩვენ რაღაც პერიოდი უნდა მივცეთ, რომ ამათმა ეს ფინანსური დისციპლინა გააუმჯობესონ“, - დასძინა მან.
ბერეკაშვილის თქმით, ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ 60-ზე მეტი კომპანია შეისწავლა.




























