მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაკარონის იმპორტის ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია - კონკურენციის სააგენტო

მაკარონი

კონკურენციის სააგენტოს 2025 წლის მიმოხილვის თანახმად, მაკარონის ნაწარმის იმპორტის ბაზარი მეტნაკლებად დივერსიფიცირებულია. როგორც სააგენტოს მიმოხილვაში წერია, წამყვანი 10 იმპორტიორი კომპანიის წილი მთლიანი იმპორტის 85%-ს შეადგენს, წამყვანი 5 კომპანიის წილი 75%-ს, ხოლო წამყვანი 3 კომპანიის წილი - 62%-ს. ამ პერიოდში ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 1445 ერთეული შეადგინა, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

“ექსპორტიორი ქვეყნების მიხედვით პროდუქტის შეფასებისას, იკვეთება, რომ მაკარონის ნაწარმი საქართველოში ძირითადად იტალიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის. 2025 წელს მთლიანი იმპორტის 45% იტალიაზე, 22% რუსეთზე, 15% თურქეთზე და 15% აზერბაიჯანზე მოდიოდა. დანარჩენი ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება შედარებით უმნიშვნელოა და მთლიანი იმპორტის 3%-მდე შეადგენს. იტალიიდან და რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება აღემატება დანარჩენი ორი ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტის ფასს. იტალიიდან იმპორტირებული საქონლის საშუალო ღირებულება დაახლოებით 47%-ით აღემატება თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქტის ფასს და ორჯერ მეტია აზერბაიჯანიდან იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებაზე. იტალიის შემთხვევაში 2025 წელს 1 კილო მაკარონის საშუალო ფასმა 3.44 ლარი, რუსეთის შემთხვევაში 3.38 ლარი, თურქეთის 2.34 ლარი, ხოლო აზერბაიჯანის 1.69 ლარი შეადგინა.”, - წერია მიმოხილვაში.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, სპაგეტის, მაკარონის, ვერმიშელის, ატრიას და მაკარონის სხვა ნაწარმის ჯამური იმპორტი 2025 წელს 24,3 მლნ აშშ დოლარი და 21 000 ტონა იყო. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში კი მაკარონის ნაწარმის იმპორტის საერთო ღირებულებამ 8.6 მლნ აშშ დოლარი და 7 416 ტონა შეადგინა. იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე ღირებულებაში 7.2%-ით აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები