მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მონოპოლისტი კომპანიები ახალი გენერაციის მიერთებით დაინტერესებულები არ არიან - მამუკა მიქაშავიძე

ქარის ელექტროსადგური

"საქართველოში ალტერნატიული ენერგიის ათვისების ერთ-ერთ მთავარ ბარიერად ქსელში მიერთების ტარიფები და მონოპოლისტი კომპანიების ინტერესთა კონფლიქტია", - ამის შესახებ BMG-სთან „ქარის ენერგიის ასოციაციის“ პრეზიდენტი მამუკა მიქაშავიძე საუბრობს.

მისი თქმით, არსებული სისტემა ინვესტორებს ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის, რაც საბოლოო ჯამში, მომხმარებლის ჯიბეზე აისახება.

მიქაშავიძის განმარტებით, საქართველოში ენერგოსექტორი სამ კომპანიას შორის არის განაწილებული: სახელმწიფო ფლობს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს, ხოლო რეგიონებსა და დედაქალაქში „ენერგო-პრო“ და „თელასი“ დომინირებენ. მისი თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კომპანიები თავადაც ფლობენ გენერაციის ობიექტებს, რაც მათ ახალი მოთამაშეების მიმართ არაკეთილგანწყობილს ხდის.

„მონოპოლისტი კომპანიები არ არიან დაინტერესებულები ახალი გენერაციის შეერთებით. მათ საკუთარი სადგურები აქვთ და სხვისი შემოშვება ბაზარზე არ აწყობთ. სწორედ ამიტომ, ისინი აწესებენ ისეთ ტექნიკურ პირობებსა და ტარიფებს, რომ ინვესტორს პროექტის გაგრძელების სურვილი ეკარგება,“ - აცხადებს მამუკა მიქაშავიძე BMG-სთან.

ასოციაციის პრეზიდენტი ელექტროენერგიის საბოლოო ფასის ფორმირებაზეც საუბრობს. მისი თქმით, მაშინ, როცა წარმოებული თუ იმპორტირებული ენერგიის ფასი დაახლოებით 13-14 თეთრია (6 ცენტი), მომხმარებელი 31 თეთრს იხდის. სხვაობა კი ქსელის მფლობელების „ზემოგებებსა“ და გაზრდილ ხარჯებში მიდის.

„დანარჩენი მთელი ხარჯი მიდის ელექტროქსელების მიერ საკუთარი ქსელების რეაბილიტაციაზე. რაღაცებს იგონებენ, ამტკიცებენ დოკუმენტებით და რეალურად ზემოგებებზე არიან. აი, ახლაც 5 თეთრით მოუმატეს ტარიფს, რაც სინამდვილესთან ახლოს არ არის. სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ ახალ გენერაციას თავის ქსელებზე მიიერთებს,“ - განმარტავს მიქაშავიძე.

მისი გათვლებით, ქსელური ბარიერების მოხსნის შემთხვევაში, ელექტროენერგიის ფასი მოსახლეობისთვის შეიძლება 14-15 თეთრამდე, ხოლო ყველა ხარჯის გათვალისწინებით - 20-21 თეთრამდე დაიწიოს.

მიქაშავიძე გამოსავალს სახელმწიფოს აქტიურ ჩარევაში ხედავს. მისი თქმით, ინვესტორებს უნდა მიეცეთ საშუალება, გვერდი აუარონ კერძო კომპანიებს და პირდაპირ სახელმწიფო ქსელს შეუერთდნენ.

„ინვესტორს ურჩევნია 3-4 მილიონით მეტი გადაიხადოს საკუთარ ტრანსფორმატორში, რომელიც მისი საკუთრება იქნება, ვიდრე მონოპოლისტს უხადოს გაურკვეველი ტარიფები. ეს გააძლიერებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას და უზრუნველყოფს სტაბილურ დენს ქსელში,“ - აცხადებს მიქაშავიძე.

ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბაზარზე მოქმედი "მონოპოლისტი" კომპანიების ქმედებები საქართველოს მთავრობას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამომრჩევლის წინაშე. მისი თქმით, როდესაც ქსელების მფლობელები ვერ ახერხებენ ტრანსფორმატორების რეაბილიტაციას - მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა და მუდმივად ტარიფის ზრდას ითხოვენ, ეს სოციალურ უკმაყოფილებას იწვევს.

„სახელმწიფომ უნდა დააწესოს ტექნიკური ნორმები და თავად მართოს შეერთების პროცესი. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ენერგეტიკა განვითარდეს და მომხმარებელმაც შეღავათი იგრძნოს,“ - აცხადებს მიქაშავიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები