გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის განცხადებით, მონტენეგრო 2028 გაერთიანებისთვის მზად იქნება. ალბანეთი კი 2029 წელს. როგორც კომისარი აცხადებს, გაწევრიანებისთვის აუცილებელ ბოლო ტექნიკურ მითითებებს ორივე ქვეყანა 2026 წელს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მონტენეგრომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2010 წელს მიიღო, ალბანეთმა კი 2014-ში.
ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა მოლაპარაკებების 33 თავიანი დოკუმენტის ყველა მოთხოვნა უნდა შეასრულონ და როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური პოლიტიკა ევროპულს დაუახლოვონ. აღსანიშნავია, რომ ხსენებული 33 თავიდან მონტენეგროს რამდენიმე მათგანი უკვე დახურული აქვს, ალბანეთს კი მეზობელი სახელმწიფოსაგან განსხვავებით, რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია.
მონტენეგროს აქტიურობას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, მაგალითი მათგან უნდა აიღოს. კოშტას თქმით, მონტენეგროს აქტიურობა სხვა სახელმწიფოებსაც შთააგონებს. რაც შეეხება ალბანეთს, მარტა კოსის განცხადებას პრემიერ-მინისტრი ედი რამა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაფართოების მიმართ ევროკავშირში გაჩენილ დადებით განწყობებს ქვეყანა სრულად გამოიყენებს და პროცესს ბოლომდე მიიყვანს.




























