მონტენეგროს მთავრობამ სავიზო რეჟიმში ცვლილებების შეტანის შესახებ დადგენილება მიიღო: ოფიციალური ინფორმაციით, ბელარუსის, ჩინეთის, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეებს - 2026 წლის 1 ნოემბრიდან მონტენეგროში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ. მიზანი მონტენეგროს სავიზო რეჟიმის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა იმ ფონზე, როცა ქვეყანა ბლოკში გაწევრიანებას აქტიურად ცდილობს.
"მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროს სავიზო რეჟიმის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზის აღების ვალდებულებას ნიშნავს, საგარეო საქმეთა სამინისტრო პროაქტიურად და სისტემატურად ატარებს ზომებს ამ ცვლილებების შესაძლო უარყოფითი შედეგების შესამცირებლად. უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მონტენეგროს ვიზის მიღების პროცესი მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი დარჩეს", - ნათქვამია პრესრელიზში.
ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მონტენეგროს ვიზა ესაჭიროებათ, არის ის, რომ სავიზო განაცხადების წარდგენა ექსკლუზიურად მონტენეგროს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში აღარ იქნება საჭირო.
"VFS Global-თან - სავიზო აუტსორსინგისა და ტექნოლოგიური სერვისების მსოფლიო ლიდერ პროვაიდერთან თანამშრომლობის წყალობით, მონტენეგროს ვიზაზე განაცხადის წარდგენა უკვე შესაძლებელია VFS-ის სავიზო ცენტრებში ინდოეთში, ბანგლადეშში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთში. უახლოეს პერიოდში დამატებითი ცენტრები გაიხსნება პაკისტანში, ჩინეთში, სომხეთში, ყაზახეთში, ფილიპინებზე, კატარში, საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, ბელარუსში, ნეპალსა და უზბეკეთში. ქსელის გაფართოება ასევე იგეგმება იორდანიაში, ქუვეითში, ტაილანდსა და ინდონეზიაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება აპლიკანტებს საშუალებას მისცემს, წარადგინონ საბუთები უახლოეს VFS სავიზო ცენტრში, რაც გამორიცხავს მონტენეგროს საელჩოში ან საკონსულოში გამგზავრების საჭიროებას და განაცხადის პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს, კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის.
"ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს სავიზო პოლიტიკის მართვის სფეროში - იქმნება ახალი, თანამედროვე სავიზო საინფორმაციო სისტემა, რომელიც სრულად თავსებადი იქნება ევროკავშირის საინფორმაციო სისტემებთან და შესაბამისობაში იქნება შენგენის უსაფრთხოების სტანდარტებთან. ამ პროექტის საბოლოო მიზანია ელექტრონული ვიზების (e-Visa) სისტემის დანერგვა, რაც აპლიკანტებს საშუალებას მისცემთ, განაცხადი ონლაინ წარადგინონ, რაც საბუთების სწრაფ განხილვასა და უფრო ეფექტურ მომსახურებას უზრუნველყოფს", - ნათქვამია პრესრელიზში.
საკუთარი სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით, მონტენეგრო ასრულებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამავდროულად, ქვეყანა საკუთარი სავიზო სისტემის მოდერნიზებას ახდენს და მრავალი სამიზნე ბაზრის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას უმარტივებს .




























