მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკათი“ აცრას გეგმავდნენ, თუმცა ვაქცინების დეფიციტის გამო უარი უთხრეს, აცრა უკვე შეუძლიათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა. მისი განმარტებით, დაახლოებით 1600-მდე ადამიანს თავიდან გაუკეთდება შეთავაზება, რომ „ასტრაზენეკაზე“ ასაცრელად დარეგისტრირდნენ.
“ასტრაზენეკას პირველი დოზით 58 ათასი ადამიანია აცრილი. 23 ათასამდე ადამიანი არის აცრილი ორი დოზით. უკვე აღარ გვაქვს შეზღუდვა, მეოთხე კვირის შემდეგ ყველას შეუძლია აიცრას და ვთხოვ, რომ აიცრან. ასევე დოზები გვექნება იმ ადამიანებისთვის, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზებზე იყო ჩაწერილი და როგორც კი შეფერხება შეიქმნა, 1600-მდე ადამიანს გავუუქმეთ აცრები. ახლა გაეგზავნებათ ამ მოქალაქეებს SMS-ები და შევთავაზებთ, რომ დაჯავშნონ თავიანთი პირველი აცრა დროულად“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.



























