მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებს "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ - კალაძე

5e4ceabef1437
ინგა მურუსიძე
19.02.20 12:04
1398
თბილისის მერის კახა კალაძის ინიციტივით, კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება.

დედაქალაქის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაავალა.

კახა კალაძის განცხადებით, ჯარიმების საერთო ოდენობა, დაახლოებით, 850 000 ლარს შეადგენს.

„ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს ჯარიმები მოქალაქეების უფლებებს ლახავდა და კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამინისტია. აქ იგულისხმება საჯარიმო სანქციებიც, რომელიც აღსრულების ბიუროსთვისაა გადაცემული და რომლის ფარგლებშიც, უკვე იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის და დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო ორგანო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, „სითი პარკთან“ დაწყებული დავა, როგორც სასამართლოში, ისე არბიტრაჟის მიმართულებით, მოლაპარაკებით დასრულდა. კერძოდ, თბილისის მერიასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება მოხდა, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან ყველა ის მატერიალური აქტივი შეისყიდა, რაც პარკირების სისტემის მართვისთვის არის საჭირო.

„ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს ეს ხელშეკრულება ცალმხრივად გავწყვიტეთ. კომპანიამ დაიწყო სასამართლოში დავა და ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად, თუმცა მოვახერხეთ ის, რომ დღეის მდგომარეობით, არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადებიან. მოხდა მორიგება, რომლის შედეგადაც, გადმოვიბარეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ სისტემის სამართავადაა საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შედარებისთვის კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში, „სითი პარკის“ მიერ, დაახლოებით, 1 200 000 ჯარიმა იწერებოდა, მას შემდეგ კი, რაც ოპერირებას „თბილისის პარკინგი“ ახორციელებს, დაჯარიმებულთა რიცხვი 500 000-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები