მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქნილობა, კომფორტი და სიმძლავრე - როგორია უახლესი Lexus GX?

Lexus GX 550

იაპონურმა Lexus-მა კომფორტული ყველგანმავლის, Lexus GX-ის უახლესი მოდელი წარმოადგინა. თუ ქალაქის გზაზე, ისევე, როგორც მთაგორიან სერპანტინზე, Lexus-ის უახლესი ავტომობილი მყარად დგას და მძღოლს ავტომობილის მშვიდად ტარების სიამოვნებას ანიჭებს, ოფროუდზე ის ჭეშმარიტ არსებად გადაიქცევა, რომლის დანიშნულება — გზის რთული მონაკვეთის რაც შეიძლება კომფორტულად გავლაა. უახლესი Lexus GX-ის განახლებული დიზაინი, მდგრადი დაკიდების სისტემა და იაპონური გამძლეობა მას ერთ-ერთ საუკეთესო პრემიულ ოფროუდ ავტომობილად აქცევს ბაზარზე.

2024 წლის Lexus GX იმ ფილოსოფიის გამგრძელებელია, რომლითაც ეს ავტომობილი იაპონური ავტოკონცერნის სამოდელო ხაზში პირველად გამოჩნდა, ჯერ კიდევ შორეულ 2002 წელს. მას შემდეგ, Lexus GX-მა რამდენიმე თაობა გამოიცვალა, დაიხვეწა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი მომხმარებელი იპოვა — ადამიანი, რომელსაც ავტომობილში, ძირითადად, კომფორტი, გამძლეობა და მაღალტექნოლოგიურობა მოსწონს, მაგრამ, არც ფიზიკურად და სულიერად დატვირთულ ოფროუდზე ამბობს უარს. როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი არც თუ ისე ცოტაა, რაზედაც წლების განმავლობაში გლობალურად გაყიდული 600,000-მდე Lexus GX მიუთითებს.

რა შეიცვალა ახალ მოდელში და რა გამოარჩევს 2024 წლის Lexus GX-ს მისი წინამორბედებისგან? პირველი ცვლილება, რომელიც თვალში გვხვდება — ავტომობილის განახლებული დიზაინია. თუ წინა თაობების Lexus GX მომრგვალებული და დაკუნთული იყო, წლევანდელი ავტომობილი მეტად ბრუტალური, დომინანტური და მკაცრი გახდა, რაზედაც მისი ოთხკუთხა, კუბური ფორმები მიუთითებს. თუმცა იაპონელები, როგორც ცნობილია, დიზაინს დიზაინისთვის არ ცვლიან, რადგან ყველაფერი, რასაც იაპონელი ავტოინჟინერის ხელი ეხება — ფუნქციური უნდა იყოს. ახალი, მართკუთხედი ფორმის LED-მაშუქები, განახლებული წინა ცხაურა, განიერი გვერდითა ხედვის სარკეები — ყველაფერი ეს, ავტომობილს მეტად მოქნილს და მტკიცეს ხდის.

უახლესი Lexus GX-ის დიზაინის უხილავი საყრდენი ფაქტორი ის ჩარჩოიანი ძარაა, რომელზედაც ეს ოფროუდერი დგას. 2024 წლის ავტომობილი GA-F პლატფორმაზე არის აგებული, რომელსაც ის მის უფროს ძმასთან, Lexus LX-თან იყოფს. უშუალოდ ჩარჩოს გარდა, Lexus GX-ში განახლდა, როგორც დაკიდების სისტემა, ასევე ძრავი. უახლეს Lexus GX-ში იაპონური კომპანიის პრემიული სედანის, Lexus LS-ის 3.5 ლიტრის მოცულობის ორმაგად ტურბირებულ V6-ტიპის ძრავს ვხვდებით, რომელიც 349 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავი, ისევე, როგორც 10-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, 4WD-სისტემა და Crawl Control-ის მსგავსი ფუნქციონალი სწორედ ისაა, რაც Lexus GX-ით კომფორტულ ოფროუდს უზრუნველყოფს.

ექსტერიერთან ერთად, იაპონელმა ინჟინრებმა ავტომობილის ინტერიერიც შეცვალეს. პირველი, რაც თვალში გვხვდება 14-ინჩიანი ცენტრალური პანელია, რომელშიც ბაზარზე არსებულ უახლეს მულტიმედია სისტემებს, Apple CarPlay-ისა და Android Auto-ს ვხვდებით. მეორე პანელი კი, რომლის დიაგონალი 12.3 ინჩის ტოლია, მძღოლის სამართავ კონსოლში არის ინტეგრირებული. უახლესი თაობის Lexus GX-ში AR-ტექნოლოგიით შექმნილი დამატებითი დისპლეიც არის ხელმისაწვდომი, რომელიც ნავიგაციის, ავტომობილის სიჩქარისა და ხმის სისტემის რეგულირების ფუნქციონალს აერთიანებს. თავად ავტომობილის ინტერიერი პრემიული მასალებით არის გამოწყობილი, როგორც ეს Lexus-ის კლასს შეეფერება.

რაც შეეხება უახლესი Lexus GX-ის ტექნოლოგიურობას. ტექნოლოგიური გადაწყვეტები ის ხაზი იყო, რომელიც ბოლო დეკადის განმავლობაში Lexus-ის ავტომობილებს მისი კონკურენტებისგან გამოარჩევდა - და თან, არა Lexus-ის სასარგებლოდ. თუმცა ბოლო წლებში, Lexus-სა და მის კონკურენტ ბრენდებს შორის არსებული ნაპრალი ამოივსო, ხოლო იაპონური ავტოკონცერნის ავტომობილები ისეთი ჭკვიანი გახდა, როგორიც არასდროს. 2024 წლის Lexus GX-ში რამდენიმე საინტერესო ჭკვიან გადაწყვეტას ვხვდებით, მათ შორისაა შეჯახების შესახებ წინასწარი გაფრთხილება, ზოლის დატოვების სიგნალი და რადარული კრუიზ-კონტროლი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გადაწყვეტები, რაც Lexus-მა ოფროუდის მიმართულებით დანერგა.

უახლესი Lexus GX წინამორბედი ავტომობილების შინაარსობრივი და ფილოსოფიური გამგრძელებელია, მაგრამ მიდგომა, რომელიც იაპონელმა ინჟინრებმა არსებული მიზნისთვის აირჩიეს - განსხვავებულია. მიმდინარე წელს, იაპონელებმა მეტი ყურადღება ოფროუდს დაუთმეს, რაც, გარკვეულწილად, ბაზარზე არსებული ტენდენციის იაპონური გადაწყვეტაა. განახლებული Lexus GX მოქნილი, ბრუტალური, დომინანტური, ტექნოლოგიურად განვითარებული და კომფორტულია, მაგრამ ამასთან, ის მშვენივრად დადის, როგორც გზაზე, ასევე უდაბნოში და მთაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები