17 ნოემბრის ღამეს ქერჩის ხიდზე განხორციელებული მორიგი დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა. უკრაინული მედია Telegram-არხ „Крымский ветер“ და გამოცემა ASTRA-ზე დაყრდნობით წერს, რომ შუაღამისას ქერჩის ხიდის რაიონში ძლიერი აფეთქებების სერია გაისმა. აფეთქებებისა და სარაკეტო საფრთხის გამოცხადების შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლებიც წერდნენ.
ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განმეორებითი შეტევა დაადასტურა და ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების შესახებ განაცხადა. რუსული მედიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, სპეციალისტები მიყენებულ ზარალს აფასებენ.
გამოცემა ASTRA-ს ცნობით, შეტევის შედეგად დაზიანებულია ხიდის ერთ-ერთი თაღი, თუმცა ახალი დაზიანებების ზუსტი მასშტაბი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
ამასთან, გავრცელდა ხიდზე განხორციელებული დარტყმის შედეგების ამსახველი ახალი კადრები. მათი მიხედვით, საავტომობილო ნაწილი გამოსაყენებლად სრულიად უვარგისია, რადგან შეინიშნება გზის საფარის მნიშვნელოვანი ჩამონგრევა, რის გამოც მასზე გადაადგილება შეუძლებელია.
ქერჩის ხიდზე თავდასმა 16 ნოემბრის ღამესაც განხორციელდა, რის შედეგადაც საავტომობილო მოძრაობა თითქმის 17 საათის განმავლობაში დაიკეტა. საღამოს ის რევერსულ რეჟიმში აღდგა.
პირველი შეტევის შემდეგ დაფიქსირდა გზის სავალი ნაწილის დაზიანება და თაღოვანი კონსტრუქციის დეფორმაცია. რუსული მხარე დაზიანებებს უმნიშვნელოს უწოდებდა. კერძოდ, რუსეთის დიქტატორის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ ნაგებობა დაზარალდა. პესკოვის თქმით, „უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის“ შემდეგ ხიდზე ფიქსირდება „უმნიშვნელო დაზიანებები“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ხიდზე სამუშაოები გრძელდება“.
























