რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 4 720 000-ლარიან ხელშეკრულებას იურიდიულ კომპანია White&Case-თან აფორმებს. Ეს იგივე კომპანიაა, რომელიც სახელმწიფომ ანაკლიის პორტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გადახედვისთვის დაიქირავა.
ამჯერად საავტომობილო გზების დეპარტამენტს სურს, რომ White&Case-მა უწყების ინტერესები სხვა ქვეყნების სასამართლოებში დაიცვას. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფრომებას გამარტივებული შესყიდვით, ანუ უტენდეროდ ითხოვს.
“2019 წლის განმავლობაში დეპარტამენტმა შეისყიდა იურდიული მომსახურებები რამდენიმე დავის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და დავების განმხილველ საბჭოში. აღნიშნული მომსახურება შესყიდულ იქნა საერთაშორისო იურდიული კომპანიისაგან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას დეპარტამენტი წარმოედგინა უცხო ქვეყნის სასამართლოში და ასევე დავების განმხილველ საბჭოში, ვინაიდან დავა შემდგომში განსახილველად უნდა გადაეცეს საერთაშორისო არბიტრაჟს. აღნიშნულ დავებში დეპარტამენტს იურდიული მომსახურების ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს საერთაშორისო იურდიულ კომპანიასთნ White & Case-თან. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში მომსახურების ვადები იწურება 2019 წლის 31 დეკემბერს, ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებების ბიუჯეტი გათვლილი იყო მხოლოდ 2019 წელზე და შესაბამისი თანხმობა მიღებული იყო 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით”,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
აქვე აღნიშნულია, რომ დავები ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემულ თანხებს და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ამდენად, დავის კვალიფიციურად წარმოება წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს.
“ვინაიდან ზოგიერთი დავა უკვე დასრულდა, ხოლო დავა გრძელდება უკრაინაში, ყაზახეთში და Todin-თან, რომელიც გადაინაცვლებს შემდგომში არბიტრაჟში და შეიძლება წინასწარ განუსაზღვრელად დადგეს სხვა ხელშეკრულების ფარგლებში იურიდიული მომსახურების შესყიდვის აუცილებლობა. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ამ პროცესში არსებული პროცედურული ხასიათის ბარიერები და ასეთი იურიდიული მომსახურების შესყიდვები მიზანშეწონილია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით”,- წერია გზების დეპარტამენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში.
რამდენიმე კვირის წინ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო იურიდიული კომპანია White & Case-ი დაიქირავა. უცხოელმა იურისტებმა მთავრობისთვის უნდა მოამზადონ სამართლებრივი შეფასება იმ წინადადებებზე, რომლებსაც მთავრობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი წარუდგენს. შესაბამისი სამუშაოს შესრულებისთვის ორგანიზაციას ვადა 2019 წლის 20 დეკემბრამდე აქვს მიცემული.
BM.Ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელი დავით ჯავახაძეს ესაუბრა. მისი თქმით, White & Case-სთან არსებულ წინა კონტრაქტს ვადა გაუვიდა, რის გამოც ახალი $129,800-იანი ხელშეკრულების გაფორმება დადგა დღის წესრიგში.