მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობამ არაერთხელ გამოთქვა წუხილი საცხოვრებელში განთავსებული ქიმწმენდების რისკებზე - გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გაბუნია ქიმწმენდების რეგულირებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებით ხსნის. როგორც გაბუნია ახალ რეგლამენტთან დაკავშირებით განმარტავს, მოსახლეობის მხრიდან არაერთხელ გამოითქვა წუხილი საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ქიმწმენდებთან დაკავშირებით.

„ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება შექმნის უსაფრთხოების ჩარჩოს როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის და ამ გზით შევძლებთ, სწორად განვითარდეს ეს პრაქტიკა. გასაგებია, რომ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკი შეიძლება მაღალი იყოს, თუ შესაბამისი რეგულირება არ მოხდა. ქიმწმენდების საქმიანობა რეგულირდება ევროკავშირში, ასევე, სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ეს განპირობებულია იმით, რომ ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც იყენებენ ქიმწმენდის შემთხვევაში, შესაძლოა, მავნე ზეგავლენის მატარებელი იყოს, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე სხვა პირებისთვის, მით უფრო თუ ქიმწმენდა საყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მდებარეობს. არაერთხელ გამოითქვა მოსახლეობის მხრიდან წუხილი, რომ საცხოვრებელ სახლში განთავსებული ქიმწმენდა ქმნის რისკებს და ამ რისკებს ისინი გრძნობდნენ ჯანმრთელობის სიმპტომების, ალერგიის და სხვა ნიშნების გამოვლენის ხარჯზე“,- ამბობს გაბუნია.

ცნობისთვის, ქიმწმენდებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. ცვლილების მიხედვით, აკრძალულია ქიმწმენდის ობიექტების საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება. განსაზღვრულია მათგან დაშორების მინიმალური მანძილიც - დიდი ქიმწმენდებისთვის, მინიმუმ, 100 მეტრი, მინი ქიმწმენდებისთვის კი - მინიმუმ 50 მეტრი. მინი ქიმწმენდისთვის, ასევე, დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში განთავსება, ისიც სპეციალური სტანდარტების მიხედვით.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებული იქნება, სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები უზრუნველყოს. დასაქმებულთა შრომის პირობებისა და მათი უფლებების დაცვას, ზედამხედველობას, შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. ქიმწმენდის საწარმო, ასევე, ვალდებულია, აწარმოოს სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის პერიოდული მონიტორინგი, რომელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების კონტროლს ატმოსფერულ ჰაერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს. ზედამხედველობა 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება.

როგორც სექტორის წარმომადგენლები BMG-სთან ამბობენ, მათთან წინასწარი კონსულტაცია არ ყოფილა, რეგლამენტის ამოქმედების შედეგად კი, ბევრი ობიექტის დახურვას და ფასის მატებას ელიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები