საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩასატარებლად 12 000 ადამიანის დასაქმება იგეგმება, მათ შორის 3000 ადამიანის თბილისში. დროებით დასაქმებულების მოვალეობა ორი კვირის განმავლობაში მონაცემების შეგროვება იქნება.
„მიმდინარეობს კადრების შერჩევა, მათ ვთავაზობთ მოქნილ სამუშაო გრაფიკს, ერთჯერადად ორი კვირის განმავლობაში დარიცხული ხელფასი 900 ლარი იქნება. კანდიდატს საშუალო განათლება და პლანშეტზე მუშაობის უნარი სჭირდება. ასევე, ჩვენ მათ ჩავუტარებთ რამდენიმედღიან ტრენინგს და აღვჭურავთ იმ ყველა უნარ-თვისებებით, რაც საჭიროა კვალიფიციური ინტერვიუს განსახორციელებლად“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ „საქმიანი დილას“ ეთერში.
მონაცემების შეგროვების პროცესი 14 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბერს დასრულდება. თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება. ეს ადმინისტრაციული ერთეულებია: ყაზბეგი, მესტია, ლენტეხი, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული და ომალო. მუნიციპალიტეტებში საქსტატის 150-მდე ინტერვიუერი კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით გამოჰკითხავენ.
როგორც გოგიტა თოდრაძე ამბობს, მოსახლეობის აღწერის გარდა იგეგმება აღწერის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით აღწერის ჩატარებაც.
„ჩვენ სოფლების დონეზე შევაგროვებთ ინფორმაციას მიწის სტრუქტურის შესახებ, მაგალითად, სახნავია მიწა თუ არა, ერთწლიანი თუ მრავალწლიანი კულტურებია გაშენებული, ასევე, მრავალწლიანი ნარგავების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ფრინველის, ფუტკრის ოჯახის რაოდენობას გამოვიკვლევთ, ასევე ვაზის ჯიშებს და ა.შ. ეს თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით დაითვლება“, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისივე თქმით, მონაცემთა შეგროვების პროცესის დასრულებიდან 6 თვეში იქნება ხელმისაწვდომი აღწერის ძირითადი შედეგები.
„19 დეკემბერს დავასრულებთ მონაცემთა შეგროვების პროცესს, აქედან 6 თვეში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ძირითადი შედეგები, მომდევნო თვეებში კი, პარალელურად მივაწვდით ინფორმაციას. ანუ აგრეგირებულ დონეზე პირველი მონაცემები ხელმისაწვდომი 2025 წლის ივნისში იქნება“, - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, როგორც გასულ წელს, გოგიტა თოდრაძე ამბობდა, მოსახლეობის საყოველთაო აღწერაზე 28 მლნ ლარამდე დაიხარჯება. როგორც "საქსტატის" დირექტორმა მაშინ BM.GE-სთან განაცხადა, თანხის გარკვეული ნაწილი დონორების მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებაა. ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. "საქსტატის" დირექტორის ინფორმაციით, 10 წლის წინ ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ბიუჯეტი დაახლოებით 15 მილიონ ლარს შეადგენდა.