საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის ფისკალური რისკების ანალიზის მიხედვით, ქვეყანა სწრაფად მიემართება დემოგრაფიული დაბერების ფაზისკენ, რაც მომდევნო ათწლეულებში მნიშვნელოვან ზეწოლას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე — განსაკუთრებით ჯანდაცვისა და საპენსიო ხარჯების მიმართულებით.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „საქართველოში ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად მიმდინარეობს ე.წ. მოსახლეობის დაბერების (aging) პროცესი, როდესაც მთლიან პოპულაციაში ასაკოვანი მოსახლეობის წილი თანდათანობით იმატებს, რაც მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შექმნის მნიშვნელოვან ზეწოლას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე“.
ამჟამად, ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ოთხ სამუშაო ასაკის პირზე ერთი ასაკოვანი მოდის, თუმცა გაეროს პროგნოზების თანახმად, 2075 წლისთვის ეს თანაფარდობა შესაძლოა შემცირდეს — ორ ან სამ სამუშაო ასაკის პირზე ერთი პენსიონერი იქნება.
"თუ 2024 წელს 1 ასაკოვან პირზე დაახლოებით 4 სამუშაო ასაკის პირი მოდის, უკვე 2074 წლისათვის ეს მაჩვენებელი 2.5-მდე მცირდება,"- ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობის დაბერება არა მხოლოდ სოციალური გამოწვევაა, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის გრძელვადიან ფისკალურ მდგრადობას. სამინისტროს ანალიზი აჩვენებს, რომ ასაკოვანი მოსახლეობის ზრდის პარალელურად საპენსიო ხარჯები მოიმატებს, თუმცა მოქმედი ინდექსაციის რეჟიმის პირობებში, მათი წილი მშპ-სთან მიმართებით შეიძლება მცირდებოდეს:
„საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის მიუხედავად, გრძელვადიანი პროგნოზების დაშვებების მიხედვით, მიმდინარე ინდექსაციის რეჟიმის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ საპენსიო ხარჯების მშპ-სთან ფარდობითი მაჩვენებელი არათუ არ გაიზრდება, არამედ შემცირდება მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.“
თუმცა, როგორც ანგარიშში აღნიშნულია, ეს შემცირება არ ნიშნავს რისკების გაქრობას. „მოსახლეობის დაბერების გამო, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბიუჯეტის ხარჯებზე ზეწოლა და შენელებული ეკონომიკური ზრდა დამატებით წნეხს ქმნის საქართველოს გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებისთვის,“- აღნიშნავს სამინისტრო.
დოკუმენტის მიხედვით, უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი გახდება საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ, როდესაც დაბალი შობადობის სცენარი შესაძლოა ქვეყნის სახელმწიფო ვალს გაზარდოს და ფისკალური წესის დარღვევის რისკიც შექმნას.
„დაბალი შობადობის სცენარის მიხედვით, ფისკალური ტვირთი გამუდმებით იზრდება და შესაძლოა ვალის წესის დარღვევაზე მოახდინოს ზეწოლა,“- ნათქვამია ანგარიშში.
ფინანსთა სამინისტროს ანალიზით, დაბალი შობადობის სცენარში სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან 2075 წელს 14.3 პროცენტული პუნქტით მაღალი იქნება, ვიდრე საბაზისო (საშუალო შობადობის) სცენარში. ამავე მოდელში, სახელმწიფო ვალი 60%-იან ზღვარს უკვე 2072 წელს გადააჭარბებს, ხოლო საბაზისო სცენარის შემთხვევაში - მხოლოდ 2076 წელს.
გარდა ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის ზრდისა, სამინისტრო მიუთითებს, რომ დემოგრაფიულ ცვლილებებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს საგადასახადო შემოსავლების დინამიკაზეც.
"გადასახადების ამოღება შესაძლოა განსხვავდებოდეს მომუშავეთა ასაკის მიხედვით და შედარებით ასაკოვანმა მუშახელმა ნაკლები გადასახადი გადაიხადოს ინდივიდუალურად,“- აღნიშნულია ანგარიშში.
ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული ტენდენციები საჭიროებს კიდევ უფრო ღრმა ანალიზს, რადგან დემოგრაფიული ცვლილებები არა მხოლოდ სოციალური პოლიტიკის, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის სისტემურ გამოწვევად შეიძლება იქცეს.
საერთაშორისო გამოცდილების მსგავსად, საქართველოს წინაშე დგას რთული ამოცანა: ერთდროულად უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და შეინარჩუნოს ფისკალური ბალანსი, მაშინ როცა ქვეყნის შობადობის მაჩვენებელი მცირდება და პენსიონერთა წილი იზრდება - მიუთითებს ფინანსთა სამინისტრო.




























