საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჯამური ბიუჯეტი, დაახლოებით 29 მლნ ლარია.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ამ თანხაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების კონტრიბუცია 2-3%-ის ფარგლებშია.
"საყოველთაო აღწერა, რომელიც ათ წელიწადში ერთხელ ტარდება, რამდენიმეწლიან პერიოდს მოიცავს. დაახლოებით, 2.5 წლის წინ დავიწყეთ მოსამზადებელი პროცესი და კიდევ, 1.5 წელი გაგრძელდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯამური ღირებულება 29 მლნ ლარი გახლავთ“, - თქვა გოგიტა თოდრაძემ.
ვინ (არ) ექვემდებარება მოსახლეობის საყოველთაო აღწერას?
საქართველოში მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა გუშინ დაიწყო. აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს მათთვის სასურველ დროსა და ადგილზე. ელექტრონული კითხვარის შესავსებად მსურველებმა უნდა გაიარონ მარტივი რეგისტრაცია საქსტატის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებპლატფორმაზე, რომელიც განთავსებულია საქსტატის ვებგვერდზე https://census2024.geostat.ge/ka ელექტრონული კითხვარის შევსების შემდეგ რესპონდენტები მიიღებენ სპეციალურ კოდს, რომელიც უნდა წარუდგინონ მათთან მისულ საქსტატის ინტერვიუერს. მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის 12 000-მდე ინტერვიუერის მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.
მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისის თვეში. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. ასევე სასოფლო–სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.