მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელი 2025 წლის კრიპტო “ბულ რანი” - ბლოგი

კრიპტო
21.05.24 17:08
367

ავტორი - დავით ძიძიკაშვილი

კრიპტოვალუტის საერთო ეკონომიკურმა ბაზარმა 2022-2023 წელს უამრავი გამოწვევა და სკანდალი დასძლია, რის შედეგადაც 2024 წელს ბევრად უფრო მდგრად ეკონომიკურ პოზიციაზე აღმოჩნდა, ვიდრე ამას ბევრი ცნობილი საფინანსო ექსპერტი თუ ინფლუენსერი ვარაუდობდა FTX და სხვა კრიპტო სავაჭრო-საფინანსო ბირჟებისა და კორპორაციების გაკოტრების სკანდალების ფონზე. აგრეთვე, არსებობდა ეჭვები აშშ-სა და Binance-ს - უდიდეს კრიპტო სავაჭრო ბირჟასთან არსებული დავის გამო უფრო ძლიერი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტები რომ ექნებოდა კრიპტო საბაზრო მაჩვენებლებსა და ფასებზე.

კრიპტო სამყაროსთვის 2024 წლის იანვარი საუკეთესო განვითარების სცერანით დაიწყო - აშშ-მ ოფიციალურად Bitcoin #BTC ETF- საბირჟო საინვესტიციო ფონდის უფლება მისცა კერძო საინვესტიციო ფონდებს, რის შედეგადაც ყველა კატეგორიის ინვესტორებს წვდომა გაეხსნათ ბიტკოინ კრიპტო აქტივებზე, რაც აქამდე მათ არ ჰქონდათ. ასეთი ტიპის ETF ფონდებით ვაჭრობა შესაძლებელია ტრადიციულ საფონდო ბირჟებზეც და მათი ღირებულება ჩვეულებრივ იცვლება აქტივების საბაზრო ღირებულებისა და ფასთა ცვლილებასთან ერთად. ეს უდიდესი მიღწევა და შედეგია კრიპტო სამყაროსთვის, რაც კრიპტო ეკონომიკის სამომავლო განვითარებას და ადაპტაციას რეალურად შეუწყობს ხელს, რადგან ასეთი ფინანსური მექანიზმებით უკვე Wall Street-ის დიდ ინვესტორებსა და საინვესტიციო ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება კრიპტო სავაჭრო სივრცეში. ეს დადებით გავლენას მოახდენს კრიპტო საბაზრო ღირებულებასა და კრიპტოვალუტების ინდივიდუალურ ფასებზეც მომავალში.

ასეთი განვითარების შედეგად შედგა ისტორიული მომენტი - ბიტკოინმა მის „ჰალვინგამდე“ (მაინერების მიერ ბიტკოინის გამომუშავების ბლოკის გადასახადის განახევრება) თავისივე მაქსიმუმს გადააჭარბა და ახალი რეკორდი დაამყარა - $73,000 დოლარის ზღვარს გადასცდა. ეს მართლაც განუმეორებელი მოვლენაა და ბიტკოინ პროექტის არსებობის დღიდან სტატისტიკურად ასეთი ტემპით ფასის ზრდა ჯერ არ დაფიქსირებულა. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჯერ ოფიციალურად „ბულ რანი“ (Bull Run) არ დაწყებულა. უფრო მეტიც - 2024-ის იანვრიდან დაიწყო ბიტკოინის მასობრივი შესყიდვები საინვესტიციო ფონდებიდან, რაც აქამდე არ დაფიქსირებულა. მხოლოდ ერთ დღეს - 2024 წლის 23 თებერვალს „Coin Market Cap“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საფულედან მოხდა $1.3 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების 26,139.38 ცალი ბიტკოინის შესყიდვა საცალო ფასით $51,000 დოლარი, შემდეგი საფულის ადრესიდან: 3M6XpqUc8G8GuHYKQhjAWobo5aGpkdV7u და ამ აქტივის გატანა კრიპტო სავაჭრო ბირჟიდან.

სავარაუდოდ სწორედ ასეთი ტიპის შემსყიდველები არიან ის დიდი საინვესტიციო ორგანიზაციები (სავარაუდოდ), რომლებიც ETF ფონდების მეშვეობით არაპირდაპირ სთავაზობენ მომხმარებელ ფონდებსა და ინვესტორებს შეიძინონ ბიტკოინის აქტივები. ამიტომაც სამომავლოდ ასეთი ტიპის მსხვილი შესყიდვები მხოლოდ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს, განსაკუთრებით თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჰალვინგამდე დღიურად მაინერები გლობალურად დღეში 900 ბიტკოინს გამოიმუშავებდნენ და მათი საერთო ფინანსური უდანაკარგობის წერტილი/ზღვარიbreak-even point“ (რომელიც მოგებას/წაგებას არ ტოვებს რადგან ის საშუალო შუალედური ზღვარია) თითო ბიტკოინზე დაახლოებით $35,000 დოლარის ნიშნულზე იყო 2024 წლის 20 აპრილამდე. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ზოგიერთ დღეს ETF ფონდებიდან ბიტკოინის დღიური შესყიდვები კრიპტო სავაჭრო ბირჟებზე 2,000-ს ბიტკოინს აღემატებოდა, რაც მის ფასზე მნიშვნელოვნად მოქმედება და ზრდიდა. დღეს ჰალვინგის შედეგად მაინერები დღიურად მხოლოდ 450 ბიტკოინის გამომუშავებას შეძლებენ, რაც ბიტკოინის ფასზე უფრო დიდ გავლენას მოახდენს გრძელვადიანი პერსპექტივით.

ჩვენ თუ შევხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს დღეს არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 19,6 მილიონი ბიტკოინია მიმოქცევაში, მაინერები კი უკვე 2024 წლის აპრილის „ჰალვინგის“ ანუ განახევრების შედეგად მხოლოდ 450 ბიტკოინს გამოიმუშავებენ დღეში 900-ის ნაცვლად (ანუ თითო შექმნილ ბლოკზე ბიტკოინის ბლოკჩეინზე მაინერისთვის გადასახადი განახევრდა 6.25 ბიტკოინიდან 3.125 ბიტკოინამდე, შემდეგ ჰალვინგზე 17 აპრილს, 2028 წელს კიდევ განახევრდება და გახდება 3.125/2 = 1.5625 BTC). ბიტკოინის პროგრამული კოდის (C++ პროგრამულ ენაზეა დაწერილი) თანახმად, ჯამში მხოლოდ 21 მილიონი ბიტკოინი შეიძლება არსებობდეს და იყოს მიმოქცევაში. დღეს დაახლოებით 4-5 მილიონ ბიტკოინამდე ითვლება სამუდამოდ დაკარგულად ძველ საფულეებზე, რომელზეც წვდომა აღარ არსებობს და მომხმარებელს 12-სიტყვიანი გასაღებიც აღარ გააჩნია. მაშასადამე, ეკონომიკური თავისებურებების გამო ბიტკოინი ინფლაციის საპირისპიროდ მოქმედებს და პირიქით, ბიტკოინი განიცდის დეფლაციას რას მის ფასის სტაბილურობასა და ზრდაზე დადებითად მოქმედებს. ამიტომაც უკვე საინვესტიციო წრეებში ბიტკოინს განიხილავენ, როგორც რისკის დასაზღვევ ფინანსურ აქტივს/ინსტრუმენტს (hedge), საპირისპიროდ, ტრადიციულ ფიატ ვალუტის მიმართ, რადგან ფულის მასის გაზრდის (ბეჭვდის) გამო ნებისმიერი პოპულარული ფიატ ვალუტა, როგორიცაა მაგალითად აშშ დოლარი, განიცდის ინფლაციას, დროთა განმავლობაში კარგავს მსყიდველობითი უნარს (purchasing power) და ნებისმიერი ფიატ ვალუტის მასის ზრდა მხოლოდ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული იქნება ეს ცენტრალური ბანკი თუ ნებისმიერი სხვა სახელმწლიფო ინსტიტუტი. ასეთი მოცემულობის არსებობს ბიტკოინის შემთხვევაში პროგრამულად გამორიცხულია. ფიატ ფულს დაბეჭდავ, ფულის მასას გაზრდი ცენტრალური ბანკის თუ ფედერალული რეზერვის (აშშ) ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მეშვეობით. კრიპტოვალუტაში ისეთ პროექტებზე როგორიცა ბიტკოინის - ასეთი გარემოება უბრალოდ გამორიცხულია და ტექნოლოგიურად შეუძლებელი, რადგან ბიტკოინის საერთო რიცხვი პროგრამულად განსაზღვრულია და პროგრამული კოდი კი უცვლელი. ის მხოლოდ 21 მილიონია!

ამიტომაც,ზემოთ აღნიშნული ორი მოვლენა - ბიტკოინ ETF ფონდების ჩამოყალიბება და ჰალვინგამდე ფასის ახალი რეკორდის დამყარება-ისტორიული მნიშვნელობისაა, რაზეც უფრო მეტს უნდა ვსაუბრობდეთ, უფრო დიდი სადისკუსიო თემა უნდა იყოს, რადგან სწორედ ასეთი მოვლენები შეუწყობს ხელს სამომავლო მასობრივ ადაპტაციას.

ამათანავე, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ Bitcoin #BTC ETF ფონდების დაფუძნებამ შექმნა ერთგვარი პრეცენდენტი სხვა კრიპტო პროექტებისთვის, მაგალითად, როგორიცაა Ethereum #ETH, რომ მათთაც მიმართონ სახელმწიფო საფინანსო მარეგულირებელი ორგანოებისათვის ETF ფონდების დასაარსებლად. ამდაგვარად ორგანიზაციები, რომლებიც ფლობენ Ethereum #ETH აქტივებს, ბიტკოინ ETF ფონდების მსგავსად შეძლებენ ინვესტორთა ახალი კატეგორიის მოზიდვას. ამისათვის საჭიროა 2024 წლის მაისში (SEC) აშშ ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ დაუკმაყოფილოს ეთერიუმის ETF თანხმობაზე მოთხოვნა მსურველ საინვესტიციო კორპორაციებს. ბიტკოინ ETF ფონდს უკვე ჰქონდა დიდი გავლენა ბიტკოინის ფასის ზრდაზე იანვარში დაბალი მაჩვენებლიდან -$40,000 აშშ დოლარიდან, ყველა დროის უმაღლეს ფასზე, $73,000 აშშ დოლარზე 2024 წლის მარტში. პროექტ ეთერიუმსაც დიდი შესაძლებლობა ეძლევა ETF ფონდების მეშვეობით გაზარდოს მოთხოვნილება და ფასიც ეთერიუმ კრიპტო აქტივზე, რაც დიდად დაეხმარება, რომ ეთერიუმის ფასმა დაიწყოს $5,000->$7,000->$10,000 ნიშნულისკენ მოძრაობა განსაკუთრებით 2025 წლის „ბულ რანის“ (Bull Run) სეზონში. ეთერიუმის ETF პირველი პრეცენდენტი აზიურ კრიპტო სავაჭრო სივრცეში 2024 წლის აპრილში შეიქმნა, როდესაც ჰონგ კონგის ბირჟამ - Hong Kong Exchanges and Clearing Ltd. (HKEX), უფლება მიანიჭა ექვსი კრიპტო - ბიტკოინ და ეთერიუმის ETF ფონდის ჩამოყალიბების: Bosera HashKey Bitcoin ETF, Bosera HashKey Ether ETF, ChinaAMC Bitcoin ETF, ChinaAMC Ether ETF, Harvest Bitcoin Spot ETF და Harvest Ether Spot ETF. ევროპულ ბირჟებზეც ანალოგიური საბაზრო ტენდენციაა ETF ფონდების მიმართ და მომავალში მათ ზრდას უნდა მოველოდოთ.

შემდეგი დადებითი მოცემულობა 2024-2025 წლის კრიპტო ბაზრისთვის არის ის ფაქტიც, რომ არცერთ კრიპტო ბაზრის 2022 წლის გაკოტრების სკანდალს და ეკონომიკურ საბაზრო ვარდნას, ზოგადად, არ ჰქონია გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა კრიპტო ბაზრის ფინანსურ მაჩვენებლებზე, ზრდასა და მის ზოგად ეკონომიკურ ბაზრის ჯანმრთელობაზე. მიუხედავად 2022-2023 წლის „ბეარ მარკეტის“ დროებითი კრიპტო ეკონომიკური ფარსთა ვარდნის, მთლიანმა კრიპტო საბაზრო ღირებულებამ შეძლო შემდგომი ზრდის დიაპაზონის შენარჩუნება, განვითარება და პროგრესი. აქედან გამომდინარე, დაბალი საბაზრო ღირებულების პერიოდში ფიატ ფული აგრძელებდა შემოდინებას კრიპტოვალუტაში და კრიპტო ბაზარმა არა მხოლოდ შეინარჩუნა სიცოცხლისუნარიანობა, არამედ მან განაგრძო განვითარება და ტექნოლოგიური ინოვაცია. ამასთანავე, არსებობდა ძლიერი მოთხოვნა ციფრული აქტივების პროდუქტებზე და სერვისებზე და ეს მოთხოვნა არ დავარდნილა სკანდალების და „ბეარ მარკეტ“-ის კრიპტო საბაზრო ღირებულების ვარდნის პერიოდში. მოგეხსენებათ, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური პრინციპების მიხედვით, თუ ერთი მოთამაშე გაკოტრდება და ბიზნესიდან ვარდება, მალე შემოვლენ სხვები, ძველ მოთამაშეებს ჩაანაცვლებენ და შეავსებენ დროებით ეკონომიკურ ვაკუუმს. სწორედ ასეთმა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პროცესებმა შეუწყო ხელი 2022-2023 კრიპტო ბაზრის სწრაფ აღდგენას, განვითარებას და ფინანსურ სტაბილურობას.

ვინაიდან ამჟამინდელი კრიპტო საბაზრო კაპიტალიზაცია, საშუალო სტატისტიკურ $2.5+/- ტრილიონ აშშ დოლარის დიაპაზონზე მერყეობს, ამ სფეროს სამომავლო რეგულაციით და საშემოსავლო გადასახადების მისაღებად უკვე თითქმის ყველა სახელმწიფოა დაინტერესებული. G20-ში შემავალმა სახელმწიფოებმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა ახალი მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნით, რითაც ჩამოაყალიბა ეს საკანონმდებლო სივრცე და ხელი შეუწყო ახალი კრიპტო სავაჭრო წესების და საგადასახადო გარემოების შექმნას. ევროპამ უკვე მიაღწია მნიშნელოვან პროგრესს ამ კუთხით MICA Act-ის მიღებით, რამაც შექმნა საკმაოდ თბილი ბიზნეს კლიმატი კრიპტო პროექტებისათვის გაერთიანებული ევროპული იურისდიქციის სივრცეში.

ზემოაღნიშნულს უნდა დავამატოთ ის ფაქტიც, რომ ევროპულ და აზიურ ფინანსურ ბაზარზეც ვხედავთ დღეს კრიპტო პროექტების საბირჟო საინვესტიციო ფონდების ETF-ების შექმნის პროცესებს ისევე როგორც აშშ-ში, რაც კიდევ უფრო დიდ ზემოქმედებას მოახდენს მის ტექნოლოგიურ განვითარებასა და საბაზრო ღირებულების ზრდაზე. ამას თუ დავამატებთ იმ ფაქტს, რომ დიდი ალბათობაა აშშ-მა საარჩევნო 2024 წლის ბოლოსთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოახდინოს, რითიც ეკონომიკას დამატებით სიცოცხლისუნარიანობას შესძენენ და მის სტიმულაციას შეეცდებიან. აშშ საპროვენტო განაკვეთის შემცირება ზოგადად ყოველთვის დადებითად ისახება კორპორაციების სავაჭრო აქციების ფასებზე და აგრეთვე კრიპტო აქტივებზე. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოს დოლარზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ შესაძლოა ოფიციალურად ახალი 2025 წლის „ბულ რანის“ სეზონის დასაწყისი გახსნას. ამ მოცემულობით, თუ საერთო ფინანსური და ეკონომიკური მაკრო (საერთო მაკრო ეკონომიკური მარჩვენებლები როგორიცაა ინფლაცია, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), სესხები, გადახდისუნარიანობა, ფულის მასის ზრდა, ომის შედეგად გამოწვეული უარყოფითი ეფექტები) საბაზრო მაჩვენებლები წლის ბოლომდე არ გაუარესდა ან მკვეთრად არ შეიცვალა და აშშ ფედერალური რეზერვი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროცენტო განაკვეთსაც შეამცირებს, მაშინ 2025 წლის კრიპტო „ბულ რანის“ სეზონის დასაწყისისთვის ბიტკოინს $100,000 ღირებულების ზღვარზე სავსებით რეალური მოლოდინია.

ასეთი სცენარით შემდეგი კრიპტო „ბულ რანი“ 2024 წლის ბოლოს - 2025 წლის იანვარში დაიწყება აშშ-ში ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ერთად. აშშ საპრეზიდენტო საარჩევნო წელი კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ბაიდენის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ყველა ფორმალურ და ფინანსურ რესურსს გაიღებს, რათა ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები არ გაუარესდეს 2024 წელს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ეს მათი წაგების ალბათობას გაზრდის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამიტომ აშშ სახელმწიფოსგან საპროცენტო განაკვეთის დაწევასთან ერთად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეიძლება პარალელურად გაზარდონ დოლარის მოცულობაც, რათა ფისკალურად დემოკრატიული პარტია ძლიერად შეხვდეს 2024 წლის ნოემბერს და გარანტირებულად მოიგონ საპრეზიდენტო არჩევნები. ეს მოვლენა კი კრიპტო სამყაროზე და, აგრეთვე, აქციებზე უაღრესად პოზიტიურად აისახება, მეტი ფულის შედინებას კი საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა მოყვება. ვოლ სთრითი ასეთ მოვნელებს დადებითად ხვდება, რაც ამ სცენარის შესაძლებლობას ზრდის - საპროცენტო განაკვეთის შემცირება და დოლარის მოცულობის ზრდა (დოლარის ფულის ნიშნების ემისია).

ასეთ შემთხვევაში უკვე დიდი ალბათობაა, რომ მთლიანი კრიპტო საბაზრო ღირებულება გადააჭარბებს $7 ტრილიონი აშშ დოლარის ზღვარს 2025-ში, $7 - $10 ტრილიონი აშშ დოლარის დიაპაზონზე იმოძრავებს „ბულ რანის“ პერიოდში და შესაძლებელია $10 ტრილიონს, ახალ უმაღლეს ნიშნულს (All Time High) მიაღწიოს. ამ მაჩვენებლებს თუ დავამატებთ გადაჭარბებულ ინსტიტუციურ შესყიდვებს და ფსიქოლოგიურ „FOMO“ ეფექტს ინდივიდუალური კერძო პირი ინვესტორებისგან (როდესაც ახალი მოთამაშეები ცდილოვენ ეკონომიკურ სივრცეში შემოსვლას პროდუქტების სწრაფი და ქაოტური შესყიდვებით), არსებობს ისეთი ეკონომიკური გარემოების ალბათობაც, სადაც კრიპტო საბაზრო ღირებულებამ 2025-ში ზედა ზღვარზე მისულმა გადააჭარბოს ოქროს მთლიან საბაზრო კაპიტალიზაცია $12 ტრილიონ აშშ დოლარის ნიშნულს მიუახლოვდეს და გასცდეს ამ ნიშნულს ახლად შემოსულ მსხვილ ინვესტორთა კლასის მოთამაშეების ხარჯზე და „FOMO“ ეფექტის მეშვეობით...

საერთო ჯამში, თუ ვივარაუდებთ იმას, რომ მსოფლიოში არ მოხდება მნიშვნელოვანი უარყოფითი ეკონომიკური/ფინანსური მაკრო კრიზისი, ფინანსური მაჩვენებლები გლობალურად არ გაუარესდება მკვეთრად და აშშ-ში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევა უზრუნველყოფილია 2024 წლის ბოლომდე, მაშინ შეგვიძლია დიდი ალბათობით ვივარაუდოდ რომ 2025 წლის „ბულ რანს“ მაღალი შესაძლებლობა ექნება ბიტკოინის და ეთერიუმის ფასებზე ახალი რეკორდული ნიშნული დაამყაროს და მთლიანი კრიპტო საბაზრო ეკონომიკა განვითარების ახალ საფეხურზე გადაიყვანოს.

გაითვალისწინეთ - გამოთქმული მოსაზრებები არ არის ფინანსური რჩევა. კრიპტო აქტივებით ვაჭრობა შეიცავს მაღალ რისკებს და ფასთა ცვალებადობას

ავტორი: დავით ძიძიკაშვილი - Ph.D. კანდიდატი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, სადოქტორო კვლევის სფერო: ბლოკჩეინ ტექნოლოგია და კრიპტოპროექტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები