ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში რთველი დასკვნით ეტაპზეა, გადამუშავებულია 204 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან,
76 ათასი ტონა რქაწითელი, 88 ათასი ტონა საფერავი და 4 ათას 600 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მოსავალი საწარმოებს 14 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 210 მლნ ლარს აღწევს ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო ღვინის 350 საწარმო და მარანი. შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ სასპირტედ გადამუშავებულია კლიმატური პირობების გამო დაზიანებული 19,5 ათასი ტონა ყურძენი.
კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი bm.ge-სთან 2023 წლის რთველის შედეგებზე საუბრობს. ნუცა აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ წლევანდელი რთველი სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე სავალალო რთველი იყო.
მისი განმარტებით, ჯერ გვალვის, შემდგომ კი უხვი ნალექის გამო, ვენახები დაზიანდა და დაახლოებით 40%-იანი ზარალი აქვთ.
„შუხმან ვაინსი საკუთარი ვენახებიდან 800-900 ტონა ყურძენს ელოდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ დაახლოებით 500 ტონა ყურძენი მივიღეთ, რაც ჩვენთვის ძალიან ცუდი შედეგია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ დარგი ერთობლივად სხვადასხვა სტრატეგიას შეიმუშავებს, რათა ეს გარემო პირობები ვმართოთ და გრძელვადიან პერსპექტივაში რისკები დაზღვეული იყოს“ - აღნიშნავს ის.
ნუცა აბრამიშვილი კომპანიის საექსპორტო მიმართულებაზეც საუბრობს და როგორც აღნიშნავს, წლიდან წლამდე ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას ახერხებენ.
„აზიის მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ვიმყოფებით, აზიაში კი საკმაოდ ხანგრძლივი ჩაკეტილობა იყო. ყველა ბაზარს თავისი თავისებურებები აქვს, ვცდილობთ ყველა ქვეყანა შევინარჩუნოთ, ვაგრძელებთ დივერსიფიკაციას და შემდგომ ახალ ბაზრებზე თავის დამკვიდრებას“ - ამბობს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი.