მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოში საწვავზე ფასი კვლავ უნდა შემცირდეს - ამის შესახებ TBC Capital-ის მიმოხილვაში წერია.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია, რომ კონფლიქტის გამწვავებისას ნავთობი მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ კვლავ მყისიერად გაიაფდა. ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და შესაბამისად, ნავთობის ფასის ზრდა გამოწვევას წარმოადგენს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს.
TBC Capital-ის შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. თუმცა გამოვყოფთ, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ამდენად, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასის ზრდა ინფლაციის კუთხით უარყოფითი ფაქტორია. მართლაც, ბოლო დღეებში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები მცირედით გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე ფასის ნორმალიზაციის პარალელურად მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, საწვავზე ფასი კვლავ უნდა შემცირდეს.
დღეის მდგომარეობით, ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 65 დოლარამდეა შემცირებული, კლებაა Brent-ის ტიპის საწვავზეც და 66.7 დოლარი ღირს. WTI-ის ფასი 65 დოლარამდეა შემცირებული.




























