მოსალოდნელია საცხოვრებელი ფართებზე ფასების 15-20%-იანი ვარდნა - ამის შესახებ უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „კუშმან & ვეიქფილდის“ მიერ რეზიდენტული უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგებშია ნათქვამი.
ამავე შედეგების მიხედვით, კომპანიების 1/3-ს ფასები უკვე შემცირებული აქვს ან გეგმავს, რომ შეამციროს.
„მოსალოდნელია, საცხოვრებელი ფართების ფასების 15-20%-იანი ვარდნა. ფაქტია, რომ ფასების კლების ტენდენცია უკვე გამოიკვეთა. აპრილში როგორც მცირე, ისე მსხვილმა დეველოპერებმა დაიწყეს აქტიური კამპანია - სპეციალური შეთავაზებები და სხვადასხვა სახის ფასდაკლებები მოკლევადიან პერიოდში, თუმცა ჩვენს კვლევაში მონაწილეების უმრავლესობა ფასების შემცირებას არ გეგმავს.
გამოკითხვის პირველ ეტაპზე, რესპონდენტთა 14% ფასების შემცირებას იუწყებოდა, 29%-ს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული, 57%-მა კი განაცხადა, რომ ფასების შემცირებას არ გეგმავდა. მეორე ეტაპზე, კომპანიების 1/3-ს უკვე შემცირებული აქვს ფასები ან სამომავლოდ გეგმავს შემცირებას, დანარჩენები კი, საფასე პოლიტიკის გადახედვას არ გეგმავენ.
ის დეველოპერები, რომლებიც საფასე პოლიტიკის გადახედვას არ გეგმავენ, ეყრდნობიან შესაბამის თეორიულ ცოდნას. ეკონომიკური კრიზისის და ბუნდოვანი მომავლის პირობებში, ფასის მოქნილობა მოთხოვნასთან მიმართებაში დაბალია. ფასების შემცირება არ იძლევა მოთხოვნის პროპორციულად გაზრდის გარანტიას. ფასების შემცირებით მოთხოვნა შესაძლოა უმნიშვნელოდ გაიზარდოს, მაგრამ შედეგად დეველოპერები რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ საფასე ნიშას და პროდუქციის ხარისხს. გარდა ამისა, როგორც ზოგიერთმა დეველოპერმა აღნიშნა, მათ გააჩნიათ ფინანსური ვალდებულებები, რომელსაც ვერ შეასრულებენ შემცირებული ფასების პირობებში", - აღნიშნულია კვლევის შედეგებში.