ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც არაერთ საკითხს, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სასამართლოს მიმართ ნდობის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას მოიცავს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, საქართველოში არსებობს მუდმივი ცნობები სასამართლოს ფუნქციონირებაში პოლიტიკური ჩარევების, ასევე მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის მიმართულებით. ხოლო აღნიშნული ცნობები იწვევს სამართლებრივი სისტემის მიმართ ნდობის შემცირებას.
“მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები.
მოსამართლეები დაუცველნი არიან პოლიტიკური ზეწოლის მიმართ სასამართლოს შიგნით და მის გარეთ. არსებობს მუდმივი ცნობები პოლიტიკური ჩარევისა და კანონის უზენაესობის უპატივცემულობის შესახებ საკუთრების უფლების რიგ საქმეებში.
საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულმა არაერთმა დავამ შეასუსტა ნდობა საქართველოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობისა და ზოგადად ქვეყანაში კანონის უზენაესობის და საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მიმართ,”- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ საინვესტიციო ანგარიშში.