არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა გასული წლების მსგავსად, წელსაც გრძელდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან. სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 14 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 8 000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა დაახლოებით 2 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღეს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.
კომპანია „კულაში“ აცხადებენ, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა წელს მოსავლიანობა გასული წლის მაჩვენებლებს დაახლოებით 10%-ით ჩამორჩება.
„ვაშლის მიღება შეუფერხებლად მიმდინარეობს. პროცესში თავიდანვე ჩავერთეთ. აქამდე ფერმერები ძირითადად სტანდარტულ ვაშლს კრეფდნენ და ამინდების გათვალისწინებით ეჩქარებოდათ, ახლა კი რამდენიმე დღეში მასიურად დაიწყება არასტანდარტული ვაშლის შემოტანა და ჩაბარება.
ჩვენი ვარაუდით, წელს მოსავალი დაახლოებით 10%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე გასულ წელს. ბევრმა ფერმერმა გააშენა ახალი ბაღები და ახალი ჯიშები აქვს, თუმცა გაზაფხულზე ყინვებმა მოსავალს გარკვეული ზიანი მიაყენა.
რაც შეეხება ფერმერებთან კომუნიკაციას, ლოგისტიკა მარტივია. გვაქვს პუნქტები, სადაც ხდება მათი მხრიდან ვაშლის მიტანა, შემდეგ კი ჩვენ, ჩვენი ავტომობილებით გადმოგვაქვს ის ქარხნებში.
სუბსიდირებას არავინ მიესალმება, თუმცა როდესაც ეს აუცილებლობით არის განპირობებული, სახელმწიფოს ჩარევა საჭიროა. ამის მიზეზია ის, რომ არასტანდარტული ვაშლიდან წარმოებული პროდუქციის ფასი დაბალია. მეორე მხრივ, თუ ფერმერმა ეს ვაშლი ბაღიდან არ გამოიტანა და იქ დალპა, მომდევნო წელს ბაღი 30-40%-ით ნაკლებ მოსავალს იძლევა. სწორედ ამაში ეხმარება სახელმწიფო, რომ ფერმერმა მოსავალი გამოიტანოს, შემოსავალი მიიღოს და ბაღი მომავალ წელს უკეთეს მდგომარეობაში იყოს.
ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ის რაოდენობა, რაც იქნება. შარშან 24 ათასი ტონა გადავამუშავეთ, წელს ზუსტ მოცულობას ჯერ ვერ ვამბობთ, თუმცა რაც იქნება, ყველაფერს მივიღებთ.
მოგებიანობის თვალსაზრისით, ეს არის საბაზრო პროდუქტი, რომლის ფასსაც ევროპა განსაზღვრავს. თუ ევროპაში ფასი მაღალია, ეს ჩვენთვისაც მოგებიანია, ხოლო თუ დაბალია — ნაკლებად. ამიტომ ვცდილობთ, პროდუქცია კონკურენტულ, შედარებით დაბალ ფასად შევთავაზოთ,“ - განაცხადა „კულას“ დირექტორმა ვანო გოგლიძემ „საქმიან დილასთან“ საუბრისას.




























