მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა განახლებული პირობებით გრძელდება - გაიზარდა ბიუჯეტი

ტექნიკა

სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც შეძლებენ და ამასთან, პროგრამაში ცვლილებებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მიღება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება.

გაზრდილია პროგრამის ჯამური ბიუჯეტი. კერძოდ, თუ გასულ წელს, გამოყოფილი იყო 7 მილიონი ლარი, წელს 10 მილიონი ლარია.

სამინისტროს განმარტებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიდია პროგრამით დაინტერესება, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება განისაზღვრა ღირებულების 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარით. პროგრამის ახალი პირობით, თანადაფინანსებით ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაც შესაძლებელია.

„აგრარული მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მსხმოიარობაში შესული ბაღების რაოდენობა, რაც ზრდის მოსავლის ამღებ ტექნიკაზე მოთხოვნას. სახელმწიფოს მიზანია, მეტი ფერმერის და აგრობიზნესში ჩართული პირისათვის იყოს ხელმისაწვდომი მოსავლის ამღები თანამედროვე ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს აგროვადების გათვალისწინებით მოსავლის აღებას და, შესაბამისად, მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში თანამედროვე ტექნიკის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა მოსავლის აღების პროცესს უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტის აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, ხორციელდება არაერთი პროგრამა, მათ შორის, ფერმერებისათვის სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება“,- აღნიშნავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები