თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობა, რომელიც მერიის მიერ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობს არსებული ავარიული ბინების სანაცვლოდ დამატებით ფართებს ითხოვს, რაც პროგრამის განხორციელებას აფერხებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
მისი თქმით, ავარიული შენობების მცხოვრებლები იმ ფართის ახალ ბინებს მიიღებენ, რაც მათ საკუთრებაშია და დამატებითი ფართების გადაცემა ვერ მოხდება.
„არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს დამატებით ფართებს, მაგალითად, თუ ადამიანი 100 კვ.მ-ში ცხოვრობს, 20-30 კვ.მ-ით მეტ ფართს ითხოვენ. ამის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს და ეს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის პროექტის განხორციელებას აბრკოლებს.
ჩვენ მზად ვართ, ერთი ერთში ჩავანაცვლოთ საცხოვრებელი ფართი და ავარიული შენობა-ნაგებობის მაგივრად ახალი საცხოვრებელი კორპუსი აგიშენოთ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას დროებით გაგიყვანოთ ქირით, ისე, რომ თქვენ არ მოგიწიოთ არც ერთი თეთრის გადახდა. 2 წლის თავზე, როდესაც სამუშაოები დასრულდება, გადმოგეცემათ სრულიად ახალი საცხოვრებელი კორპუსები, გარემონტებული“, - მიმართა კალაძემ მოსახლეობას.




























