ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის, კახეთში, იმერეთსა და აჭარაში მოსახლეობა ნაგავსაყრელების მოწყობას აპროტესტებს.
როგორც მან პარლამენტში, ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, მთავრობა აღარ აპირებს ნაგავსაყრელების მოსაწყობად დამატებითი ფული ისესხოს მანამ, სანამ მოსახლეობა ამ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე თანახმა არ იქნება.
“აჭარაშიც და სხვა რეგიონებშიც ერთი ძალიან დიდი პრობლემა დგას. მოსახლეობა უკმაყოფილოა და არ სურთ, ადგილზე ნაგავსაყრელი გაკეთდეს. აქ მხოლოდ ერთი კონკრეტული სამინისტრო ვერაფერს იზამს - ვგულისხმობ განმახორციელებელ სამინისტროს. ყველამ ერთად - მუნიციპალიტეტმა, ალბათ პარლამენტმაც, უნდა დავარწმუნოთ მოსახლეობა [ნაგავსაყრელების მოწყობაში].
აჭარაში გაკეთებული ახალი ნაგავსაყრელი რომ ვნახე, იმდენად განსხვავებულია, ვერც მიხვდები იქ ნაგავსაყრელი არის თუ არა. არანაირი არასასიამოვნო სუნი ან რამე მსგავსი ადგილზე არ არის. თუ სადმე ნაგავსაყრელი არ გაკეთდა, ეს ნარჩენები ვერ გაქრება”, - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.