მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობა VS თბილისის მერია- რატომ ფერხდება ძველ თბილისში სახლების რეაბილიტაცია ?

646cb2f1819b2
ანუკა ჯოხაძე
29.05.23 00:00
1216
გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ მაცხოვრებლები თბილისის განვითარების ფონდს კუთვნილი სახლების რეაბილიტაციის გაჭიანურებაში და არასწორ საპროექტო გადაწყვეტებში ადანაშაულებენ. აბო თბილელის და საიათნოვას ქუჩებზე მცხოვრებმა ადამიანებმა კუთვნილი სახლები 2018-19 წლებში დატოვეს, თუმცა ამ დრომდე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მოლოდინში არიან.

“ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სახლი დატოვა, რომ არ შემეფერხებინა რეაბილიტაცია. უკვე 5 წელი გავიდა, მაგრამ არ დასრულებულა. დაანგრიეს, მაგრამ არ დაასრულეს. იქ არც ჭერია, არც კიბე და არც არაფერი,”- ამბობს ნანა ბახტაძე.

თბილისის განვითარების ფონდი პროგრამა “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” ფარგლებში ძველი უბნების განახლებას წლებია ახორციელებს. პროგრამის მიხედვით, მერია უთანხმდება მაცხოვრებლებს, იწყებს რეაბილიტაციას და ამ პერიოდში განმავლობაში მაცხოვრებლებს თვის განმავლობაში ქირის გადასახადს უხდის.

თბილისის განვითარების ფონდში ამბობენ, პროგრამის მიმდინარეობისას ერთ-ერთი გამოწვევა დათქმული ვადების დაცვაა. ფონდში ამბობენ, რომ ამის მიზეზი სამუშაოების სპეციფიკურობაა.

“პროექტირების ეტაპზე საკმაოდ რთულია მაღალი სიზუსტით განისაზღვროს სამუშაო მოცულობები, რომელთა დადგენაც აუცილებელია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის განხორციელებისათვის. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური სამუშაოების განხორციელებამდე პროექტანტს არ შეუძლია შესთავაზოს შემსყიდველს ზედმიწევნით ზუსტი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი.

როგორც წესი, შენობაზე ფიზიკური სამუშაოების დროს ვლინდება კვლევის ეტაპზე ფარული კონსტრუქციული პრობლემები, რაც თავის მხრივ იწვევს არსებული სამუშაო მოცულობების დამატების ან ახალი სახარჯთაღრიცხვო პოზიციების გაჩენის საჭიროებას.”-ამბობენ თბილისის განვითარების ფონდში.

თბილისის განვითარების ფონდს რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რამდენიმე ოჯახი ედავება. აბო თბილელის 4 ნომერში მცხოვრები გრეტა მანუკიანი ამბობს, რომ წინასწარ შეთანხმებული პროექტი არაერთხელ, მათთან შეუთანხმებლად შეიცვალა. მისი თქმით, ამაზე პროტესტის გამო ფონდმა ადგილზე რეაბილიტაცია და ყოველთვიური ქირის გადასახადის ჩარიცხვები შეუჩერა.

“საძინებელში უნდათ რომ ჩამოიყვანონ კანალიზაციის მილი, რაც არსად არ მინახია და გამიგია. მე-3 თვეა ქირა შეჩერებულია, სად უნდა წავიდე? უნდა შემოვიდა ისევ აქ. გააკეთონ ის რასაც შეგვპირდნენ.”-ამბობს გრეტა მანუკიანი.

აბო თბილელის 4 ნომერში ხელშეკრულებით სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულებით 2022 წლის 30 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შეთანხმების დოკუმენტში ცვლილებებით ახალი ვადა ახლა 2023 წლის 31 მაისია. თბილისის განვითარების ფონდმა ხელშეკრულებით გაწერილი ვადების დარღვევას BM.GE-თან განმარტა.

“ობიექტის თავდაპირველად ნავარაუდევ ვადაში დაუსრულებლობა სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებისა და საპროექტო გადაწყვეტების მკვეთრ ცვლილებებთან. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, გარკვეული ხელისშემშლელ ფაქტორად მოგვევლინა ახალი კორონავირუსის გავრცელება და მისი პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიც.

ასევე აღსანიშნავია ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მოქმედებებიც. მასსა და ფონდს შორის ურთიერთობის ხელშეკრულებით ზედმიწევნით დარეგულირების პირობებშიც, ხსენებული ფიზიკური პირი აქტიურად ხელს უშლიდა და დღესაც ხელს უშლის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილი ქსელების მოწყობას.”-აცხადებენ თბილისის განვითარების ფონში.

2023 წლის 31 მაისამდე გაუგრძელეს სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა საიათნოვას 1 ნომერში მცხოვრებ ნინი გერმანიშვილსაც. გერმანიშვილი გვიხსნის, რომ თბილისის განვითარების ფონდმა მათთანაც დაარღვია ხელშეკრულება.

“ხელშეკრულების თანახმად ფართის მატება ან კლება არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე 10%-ზე მეტია კლება.”-ამბობს ნინი გერმანიშვილი.

თბილისის განვითარების ფონდში ხელშეკრულების დარღვევასა და ფართების კლებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს "ბიემჯისთან" არ აღიარებენ. მაცხოვრებლები კი გვეუბნებიან, რომ განსხვავებული განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის პოზიცია მათთან პირად საუბრებში.

“მიღებული საპროექტო გადაწყვეტებით ბენეფიციარები არ დარჩნენ კმაყოფილი მათთვის გადასაცემი ფართებით, თუმცა, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ დარღვეულა. მეტიც, მათ კუთვნილ ფართებსაც არ განუცდია რაოდენობრივი კლება. პრობლემა მდგომარეობს, ძეგლის ერთ-ერთი კედლის ავთენტურად შენარჩუნებაში, რაც პროექტანტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რეალიზდა ისე, რომ ვერ მოხერხდება ფართების კონფიგურაციის ცვლილებასთან დაკავშირებული ბენეფიციართა სურვილების გათვალისწინება.”-ამბობენ თბილისის განვითარების ფონში.

ფართების კლების მიღმა გერმანიშვილების ოჯახი თბილისის განვითარების ფონდს ბინის არასწორად დაპროექტებაშიც ადანაშაულებს. ნინი გერმანიშვილი ამბობს, რომ თბილისის განვითარების ფონდმა მის ოჯახს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დაგვიანებით გააგებინა. უცნობი იყო საპროექტო გადაწყვეტილებებიც რომელიც სისრულეშია მოყვანილი.

“პროექტის ავტორი ამტკიცებდა, რომ მან რაღაცა არასწორად გათვალა და როდესაც ადგა ტიხრის დასმის მომენტი, ტიხარი აღმოჩნდა შუა კარებში. დავდექით დილემის წინაშე თუ როგორ არ უნდა აღმოჩენილიყო ეს ტიხარი კარის შუაში. ამაზე მეზობელსაც ჰქონდა პრეტენზია რომ მის მხარეს ვერ გადაიწევდა კედელი, შესაბამისად, კედელი დაამონტაჟეს გაღუნული.”-ამბობს ნინი გერმანიშვილი.

გუდიაშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა პრობლემების საქმის კურსში არ არის თბილისის მერი. კახა კალაძე ამბობს, რომ სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ადგილობრივებს განახლებული უფრო ძვირადღირებული სახლები დაუბრუნდებათ.

“თუ მათი საცხოვრებელი ფართის ღირებულება პირობითაც ვამბობ, იყო 100 დოლარი დღეს მათ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ახალი გარემონტებული მოწესრიგებული ფართები, რომლის ღირებულება 4-5-ჯერ მეტი იქნება.”-აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 ობიექტის რეაბილიტაციაზე 2.5 მლნ ლარია დახარჯული. ჯამში ამ ტერიტორიაზე განახლება/რეაბილიტაციისთვის 17 252 854 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები