მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე, ავარიული სახლები ვერ ჩანაცვლდება - დეპუტატი

63e3bc638249f
ანუკა ჯოხაძე
09.02.23 11:35
6162
27 იანვრის დადგენილებით ავარიული შენობების ჩანაცვლების წესში შესული ცვლილების მიხედვით მერია უფლებამოსილი ხდება, ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე განიხილოს. დადგენილებაში შესულ ცვლილებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. იურისტები განმარტავენ, რომ ცვლილება დადგენილებაში კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაშია და სასამართლო დავის საგანი აუცილებლდ გახდება.

კახა კალაძემ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განმარტა, რომ ახალი ჩანაწერი არასწორად არის აღქმული. ამბობს, რომ ცვლილება იმ შემთხვევას ეხება, როდესაც მუნიციპალიტეტი ავარიული სახლის ჩანაცვლებას არა იმავე ტერიტორიაზე, არამედ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის სხვა ნაკვეთზე გეგმავს. კალაძის თქმითვე, ამ შემთხვევაშიც პროცესის დასასრულებლად მოსახლეობის 100%-იანი თანხმობაა საჭირო.

საკრებულოში BM.GE-თან განმარტავენ, რომ ასეთი შემთხვევები მაშინ ხდება, როცა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ახალი შენობის აშენება შეუძლებელია. საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ აქამდე პროცესების დასაწყებად ავარიული სახლის მაცხოვრებლების, სრული შემადგენლობის თანხმობა იყო საჭირო, რაც პროცესს აჭიანურებდა. ცვლილებებით კი იმისთვის რომ ალტერნატიულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაიწყოს 100% იანი ერთსულოვნება საჭირო აღარ იქნება.

“ეს ცვლილება ეხება იმ შემთხვევებს, რომელ ტერიტორიაზეც შემდგომ უბრალოდ ვერ განხორციელდება მშენებლობა. მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება, რომ სხვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე დაიწყოს უკვე ახალი პროექტის შექმნა და მშენებლობა.

მაგალითად ასეთი შემთხვევაა გლდანში, ე.წ ტიტანიკის კორპუსი, რომლის ადგილასაც სხვადასხვა გეოლოგიური საფრთხეების გამო ვეღარ განხორციელდება კორპუსის მშენებლობა, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტმა მოძებნა მიწის ნაკვეთი, სადაც დაიწყება პროექტის განხორციელება, რომელიც იქნება გათვლილი იმაზე, რომ ეს ხალხი საბოლოო ჯამში გადავიდეს ამ ახალ კორპუსში.

ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ არანაირი ქონების გაცვლა/ახლის მღება არ ხდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე”-აცხადებს საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე.

კითხვაზე რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობამ მისი თანხმობის გარეშე სხვა ტერიტორიაზე აშენებულ შენობაში საცხოვრებლად გადასვლაზე უარი განაცხადა და როგორ აპირებს თბილისის მერია ამ აქტივის დატვირთვას საკრებულოს წევრი ამბობს, რომ შექმნილი საბინაო ფონდის საჭიროება დღეს თბილისში ისედაც დგას.

“ეს რისკი არსებობს, მათ შორის ეს რისკი არსებობს როცა ჩვენ მივდივართ კონკრეტულ მისამართზე და გვინდა კორპუსის ჩანაცვლება, შეიძლება 100%-იანი თანხმობა არ გვქონდეს, შესაბამისად, იქ ჩანაცვლების პროექტი ვერ განხორციელდება.

ესეც ანალოგიური შემთხვევა იქნება, თუმცა თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ეტაპზე ვერ მივიღეთ 100%-იანი თანხმობა, დამერწმუნებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ძალიან სჭირდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საბინაო ფონდის შექმნა.

უამრავი ადამიანი არის, რომელიც ელოდება ჩანაცვლებას, ამიტომ მუნიციპალიტეტს არ გაუჭირდება ამ აქტივის სხვა მიმართულებით მიმართვა", - ამბობს საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე.

სამშენებლო სამართლის დოქტორი უჩა ზაქაშვილი დღეს გაკეთებული განმარტებების მიუხედავად ამბობს, რომ ჩანაწერი ბუნდოვანია და საჯარო კომენტარები სამართლებრივ ჩანაწერთან თანხვედრაში არ არის.

“ამ შემთხვევაში ჩანაცვლება გულისხმობს, არსებული შენობის ნაცვლად სხვა ტერიტორიაზე საკუთრების უფლების გადაცემას. ჩანაცვლება ტერმინი ასე განიმარტება, არ გააჩნია ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობა.

აქედან გამომდინარე თუ რამე საკანონმდებლო ტექნიკის პრობლემა არის უნდა გაასწორონ ეს დადგენილება და მისცენ ისეთი შინაარსი, რომ თითქოს მუნიციპალიტეტს სხვა ტერიტორიაზე მშენებლობისთვის სჭირდება მაგალითად მთაწმინდაზე მაცხოვრებელი მესაკუთრეების თანხმობა, ეს ცალკე აბსურდი არის, მაგრამ თუ ამის გამო შეცვალეს დადგენილება, მაშინ უნდა იყოს გარკვევით და მკაფიოდ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ იქიდან გამომდინარე რაც წერია.”-აცხადებს სამშენებლო სამართლის დოქტორი უჩა ზაქაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები