„თბილისი არ უნდა იყოს ჯიხურების ქალაქი“ - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წელს გააკეთა. როგორც მაშინ მერი ამბობდა, დედაქალაქში „არასწორ“ ადგილებზე განთავსებულ ჯიხურებს ადგილს შეუცვლიდნენ, საუბარი იყო 2500-მდე ჯიხურზე.
ამ განცხადების შემდეგ ქალაქის კონკრეტულ ზონებში ჯიხურების აღება კონტრაქტორებთან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ შეწყდა. ეს ჯიხურები ძირითადად სატრანსპორტო ზონა 1-ში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი დადგენილების მიხედვით ჯიხურის დადგმა აკრძალულია. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ზონაში ხშირად შეხვდებით ჯიხურებს. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ამ ჯიხურების დადგმის უფლება საქართველოს ფოსტას საგამონაკლისო წესით აქვს.
“დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა სასურველი ქონება სარგებლობაში მიიღოს აუქციონის ფორმით და შესაბამისი წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტო განიხილავს საკითხს დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. რაც გულისხმობს იმას, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე ჯიხურების და მსგავსი ობიექტების განთავსება დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე, ამ ობიექტებისთვის შერჩეული ტერიტორიების მიმართ მოქმედ გარემოებებზე, მათ შორის - ფუნქციურ ზონირებაზე და სხვა მახასიათებლებზე. აქვე მოგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა რომ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილების შესაბამისად, სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) -ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, შპს „საქართველოს ფოსტის“ ჯიხურებთან დაკავშირებით ამავე დადგენილებით დადგინდა გამონაკლისი”, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
თბილისის საკრებულოში ამბობენ, რომ ბიზნესისთვის ჯიხურის განსათავსებლად ქალაქში არსებობს ტერიტორიები, სადაც აუქციონის წესით მათ შესაბამისი ფართის აღება შეუძლიათ. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ ეს ტერიტორიები მათთვის კომერციულად საინტერესო არ არის.
“ქალაქს აქვს შერჩეული გარკვეული ტერიტორიები, სადაც ჯიხურის განთავსება შესაძლებელია, რაც ეკონომიკურად აქტიური არ არის და შესაბამისად, გამომდინარე აქედან არ არის დაინტერესება. რაც შეეხება ხელშეკრულების არ გაარძელებას, დიახ ხელშეკრულებები არ გაგრძელდა. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ 2017 წლიდან აბსოლუტურად არცერთი იჯარის ხელშეკრულება, არ ეხება ეს მხოლოდ ჯიხურებს, აუქციონის გარეშე არ გაგრძელებულა”, - ამბობს ტყელამაძე.
სატრანსპორტო ზონა 1-ში ჯიხურების განთავსების უფლება გამონაკლისის სახით მხოლოდ “საქართველოს ფოსტას” აქვს. ფოსტა წლების განმავლობაში აღნიშნულ ჯიხურებში გაზეთებს, ლოტოს და თამბაქოს ყიდდა. თუმცა ცოტა ხნის წინ ამ ჯიხურების ბრენდირება მოხდა და ქალაქში “ტემპოს” ბრენდით ჯიხურები გამოჩნდა. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ჯიხურები საქართველოს ფოსტისთვის ერთგვარი შემოსავლის წყაროა, თუმცა მისი ნებისმიერი ტიპის ობიექტზე იჯარით გაცემა შეზღუდულია.
პირობითად გიორგი ტყელამაძე ამბობს, რომ ადგილზე ვერ იქნება სწრაფი კვების ობიექტი, თუმცა გაზეთებისა და ლოტოს რეალიზაცია დაშვებულია.
“საფოსტო ჯიხურებზე ჩვენ დავუშვით გამონაკლისი. ჩვენი მოთხოვნა იყო იერსახე ქალაქთან შეთანხმებით შეცვლილიყო. ძველი ჯიხურები აღარ ყოფილიყო და მათი განახლება მომხდარიყო. საქართველოს ფოსტას, შესაძლოა, გარკვეული ჯიხური ქვეიჯარით გაცემული ჰქონდეს, ამის უფლება მას გააჩნია. ეს გამონაკლისი ფოსტასთან მიმართების გავაკეთეთ, რომ მათ გარკვეული შემოსავლის მიღება შეძლონ. მწირი ჩამონათვალი, რისი რეალიზაციაც ამ ჯიხურებშია შესაძლებელი. საკვებ ობიექტს ისინი ვერ გახსნიან”, - ამბობს გიორგი ტყელამაძე.
მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს ფოსტის ჯიხურებში შეზღუდულია კონკრეტული ტიპის პროდუქციის რეალიზაცია, რეალობა განსხვავებულია, ახალ ჯიხურებში წახემსებასაც შეძლებთ და ყავის დაგემოვნებასაც. ფაქტია, საქართველოს ფოსტის პრივილეგიით ქვემოიჯარე სარგებლობს.
საქართველოს ფოსტას იჯარით თბილისის მასშტაბით 170 ჯიხური აქვს გაცემული. ქვემოიჯარე კომპანია “მინიმარტსია”, რომლის წილიც ბიზნეს რეესტრის მონაცემებით კომპანია “არქის” დამფუძნებელს ივლიანე წულაიას ეკუთვნის. წილის მფლობელია ვალერიან გვათუაც.
BM.GE ცდილობს დამატებითი ინფორმაცია “საქართველოს ფოსტისგანაც” მიიღოს, თუმცა სამწუხაროდ, ფოსტის წარმომადგენლები ამ დრომდე გაგზავნილ კითხვებზე პასუხს არ გვცემენ.