მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის რა ჯგუფი ვერ მიიღებს მთავრობისგან კომუნალურ სუბსიდიას 2022 წელს?

618a8ee230d87
დავით ჯალაღონია
10.11.21 09:00
10720
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კომუნალური ხარჯების კომპენსირება მომდევნო წელს მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული. ამის შესახებ კაკაურიძემ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა - კონკრეტულად, მოსახლეობის რომელი ჯგუფისთვის შენარჩუნდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების სუბსიდია.

მიმდინარე წელს ის აბონენტები, რომლებიც საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის 200-დან 301-მდე კილოვატსაათ ელექტროენერგიას ხარჯავდნენ, თბილისში გაზრდილი ტარიფის სუბსიდიით სარგებლობდნენ, მიუხედავად იმისა, სოციალურად დაუცველები იყვნენ, თუ - არა. გარდა ამისა, იანვარ-თებერვლის პერიოდში, 200 მ³ ან 200 მ³-ზე ნაკლები მოცულობის ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის, მოსახლეობის ხარჯები მთავრობამ ბიუჯეტიდან დაფარა.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2022 წლიდან მოსახლეობის ყველა კატეგორია დახმარებას ვეღარ მიიღებს.

“მომდევნო წელს გათვალისწინებულია მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ტარიფის კომპენსირება ანუ რიგითი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ჩემთვის და თქვენთვის გათვლისწინებული არ არის ტარიფის სუბსიდირება და მხოლოდ მიზობრივი ჯგუფებისთვის იქნება.

ზოგადად, ქვეყანაში იქნება დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს, სოციალურად დაუცველების კომუნალური ხარჯების მომავალში ზრდის შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც ბირჟა (ენერგეტიკული) ამოქმედდება, როგორ უნდა იმოქმედონ უწყებებმა, როგორ უნდა მოხდეს შესაბამისი პაკეტის შემუშავება, ვისზე უნდა გავრცელდეს ეს პაკეტი და ა.შ”, - განმარტა კაკაურიძემ.

მისივე ინფორმაციით, გაზის ტარიფის სუბსიდია, რაც 2021 წლის იანვარსა და თებერვალში განხორციელდა, პანდემიის საპასუხო ღონისძიება იყო, რაც 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მთავრობამ მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდიაში საერთო ჯამში, 118.6 მლნ ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში მოიცავს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დასახელებული თანხიდან, 35.4 მილიონი ლარი, ელექტროენერგიაზე იანვრიდან გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას მოხმარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები