მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსკოვის რეისებით ძირითადად ქართველი მომხმარებლები სარგებლობენ“ – Buslines

რუსეთი

მგზავრთა გადამყვანი კომპანია Buslines-ის დამფუძნებელმა, გელა ჯიშკარიანმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი, რომლებიც რუსეთის, კერძოდ მოსკოვის მიმართულებით მგზავრობენ, ქართველები არიან.

მისივე ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო რეისებს თურქეთისა და რუსეთის მიმართულებით, კერძოდ, მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს.

„ჩვენ 5 წელია ბაზარზე ვართ და საზოგადოებას ვემსახურებით. საერთაშორისო რეისებს ვახორციელებთ თურქეთსა და რუსეთში, კერძოდ მოსკოვში.

რუსეთის მიმართულებით საკმაოდ აქტიურია რეისები. ძირითადად ქართველები მომხმარებლები გვყავს. ამასთან, როდესაც რუსეთში მობილიზაცია გამოაცხადეს, მაშინ რუსეთის მოქალაქეებსაც აქტიურად ვემსახურებოდით.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში რუსეთიდან და ბელორუსიიდან ბევრი ტურისტი ჩამოგვყავს. მგზავრთა გადაზიდვას საერთაშორისო კოდექსის თანახმად, დღეგამოშვებით ვახორციელებთ. ზამთრის პერიოდში, თვეში დაახლოებით დაახლოებით 10 რეისს ვასრულებთ, ხოლო ზაფხულში რეისების რაოდენობა ზოგჯერ 15-საც კი აჭარბებს. თურქეთში წასვლა ღირს 100-150 ლარი, ხოლო მოსკოვის მიმართულებით 200 ლარი. რეისებს განრიგის მიხედვით ვასრულებთ და მომხმარებლების დეფიციტი არ გვაქვს“,-აცხადებს ჯიშკარიანი.

რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, ამ ეტაპზე კომპანიის ანგარიშზე 4 სატრანსპორტო საშუალებაა, სადაც თითოეულ მათგანში ორ-ორი მძღოლია გადანაწილებული.

კომპანიის წარმომადგენელი გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თურქეთის მიმართულებით კონკურენცია დიდია. თურქული კომპანიები ქართულ კომპანიებს ახალი და გამართული ტრანსპორტით უწევენ კონკურენციას. ეს კი იქიდანაა გამოწვეული, რომ თურქული მთავრობა გადამზიდ კომპანიებს დახმარებას უწევენ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია თბილისი-მინსკის რეისის დამატებას გეგმავდა, თუმცა რუსეთიდან ბელორუსიაში გადასვლისას, ქართული პასპორტის მქონე მძღოლებს საზღვარზე არ უშვებენ, რაც მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია კომპანიისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები