"რუსული საბანკო ანგარიში, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების გარიგების გასაღები იყოს", - ამ სახელწოდებით სტატიას New York Times-ი აქვეყნებს. გამოცემა აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების დაზვერვის სამსახურებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვი, რაკეტებისა და საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, შესაძლოა, საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან წვდომაში ფხენიანის დახმარებას ცდილობდეს.
New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტს უფლება მისცა, რუსულ ბანკებში გაყინული დაახლოებით $30 მილიონიდან $9 მილიონი განებლოკა. დაზვერვის სამსახურში ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ამ თანხით ნავთობს შეიძენს. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მოსკოვმა ფხენიანს ნება დართო, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში საბანკო ანგარიში გაეხსნა.
"რუსეთმა მილიონობით დოლარის ღირებულების აქტივების განბლოკვა შეძლო. [რუსეთი] შესაძლოა, თავის იზოლირებულ მოკავშირეს, საერთაშორისო საბანკო ქსელებზე წვდომაში დაეხმაროს. ეს დახმარება კი ჩრდილოეთ კორეის მიერ მოსკოვისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებელი იარაღის გადაცემის შემდეგ გაჩნდა", – წერს გამოცემა.
ცხინვალის რომელ ბანკში გაიხსნა ანგარიში, უცნობია. სავარაუდოდ, საუბარია MRB Bank-ზე, რომელიც ევროკავშირმა დაასანქცირა.