რუსეთის მთავრობამ კომერციული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული Daimler Truck სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. 27 ივნისით დათარიღებული განკარგულება კრემლმა ორშაბათს გამოაქვეყნა.
საქმე ისაა, რომ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლური სანქციების საპასუხოდ, მოსკოვმა სანქციების თავისი სიაც შექმნა. სიაში მოხვედრილ კომპანიებთან ყველა ტიპის ვაჭრობა იკრძალება. ნულდება მათ წინაშე დაკისრებული ფინანსური ვალდებულებებიც.
უცნობია, ზუსტად რამ გამოიწვია სანქცირებულთა სიაში გერმანული Daimler Truck-ის შეყვანა - კომენტარს არ ავრცელებს არც თავად კომპანია. თუმცა რუსული მედიის ცნობით, Daimler-ი სატვირთო მანქანებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.
Daimler Truck-მა რუსეთში ოპერაციები ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა. ამასთან, კომპანიამ გაყიდა აქციათა, 15%-იანი წილი, რომელსაც სატვირთოთა რუსულ მწარმოებელ KAMAZ-ში ფლობდა - ამ გარიგებაზე დამატებითი დეტალები უცნობია.




























