ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ვასილ მანაგაძის შეფასებით, რუსეთის ბაზარზე ჭარბი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, რუსული მხარის მიერ ქართული სასმელების იმპორტის შეზღუდვა მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. ამის შესახებ მან "საქმის კურსთან" განაცხადა.
ის მიიჩნევს, რომ რუსეთს ხელს არაფერი შეუშლის, ემბარგო მთლიანად დარგზე ან სხვა სექტორებზეც დააწესოს: „ჩვენ რეალურად მტერ სახელმწიფოსთან 70%-იანი დამოკიდებულება გვაქვს და რასაკვირველია, ამ ჰიბრიდული ომის პირობებში, ეს არის აბსოლუტურად იარაღი ჩვენი მტრის ხელში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ხელით გადასცა, ეს ჯერ კლანჭების გამოჩენაა .. ყვითელი ბარათი ამოუღეს „ქართულ ოცნებას“ რაღაც მიზეზით, ეს უკვე თვითონ უნდა განმარტონ, რაზეა აქ საუბარი“, - განაცხადა ვასილ მანაგაძემ.
დარგის წარმომადგენელი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ემბარგო" რუსეთის ხელში იარაღია და შესაბამისი უწყებები სიჩუმის ნაცვლად, საყვირით უნდა იცავდნენ ქვეყნის პოზიციებს.
„ეს არის იარაღი რუსეთის ხელში, რომელსაც ის ჩვენს წინააღმდეგ, მანიპულაციისთვის იყენებს. ყველას კარგად ესმის, რომ მიზეზი თითიდან გამოწოვილია, რომელიმე ერთი მიმართულებით რომ დაფიქსირებულიყო შეუსაბამობა, კიდევ რაღაც ლოგიკაში ჩაჯდებოდა, მაგრამ ღვინო, ლუდი, მინერალური წყალი - ამ კომპანიებს ექსპორტი სხვა არაერთ ქვეყანაში აქვთ და მათი ხარისხი საეჭვო არა მგონია, იყოს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ რეაგირებაა, რასაც სახელმწიფო აკეთებს ამ შემთხვევაში. ყველაზე გამაოგნებელი ამ შემთხვევაში, ჩემთვის პირადად, არის ის დუმილი, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოდან და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოდის. ღვინის ეროვნული სააგენტო საყვირით უნდა დარბოდეს და თავის პოზიციებს იცავდეს, იმიტომ, რომ ყველა ამ დოკუმენტზე, ამ კომპანიების ექსპორტირებულ დოკუმენტზე ხელს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აწერს", - ამბობს ვასილ მანაგაძე.
რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. როგორც RBC შესაბამის დოკუმენტსა და წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.
საკითხთან დაკავშირებით, დღეს განცხადებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას რუსული ემბარგოს შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ნანახი აქვს, თუმცა კონკრეტული კომპანიების პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვების მიზეზი იქ ნათლად არ არის განმარტებული. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რუსეთის შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება.
























