"ეს არის დღისით-მზისით რეკეტი" - ასე აფასებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ვასილ მანაგაძე ღვინის სავალდებულო ნიშანდებას.
როგორც მანაგაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, გაუგებარია, თუ რა მოტივით შემოაქვს ღვინის ეროვნულ სააგენტოს ახალი ვალდებულება, რაც კომპანიებს ბიუროკრატიას და ხარჯებს გაუზრდის. მისივე თქმით, ნიშანდების ვალდებულება ქართულ საექსპორტო ღვინოსთან დაკავშირებით არაერთ ტექნიკურ გაუგებრობასაც შექმნის.
„ღვინის ნიშანდება ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება და რეალურად, მისი შედეგი რა იქნება, აბსოლუტურად გაუგებარია. ვერავინ გვიხსნის სახელმწიფო უწყებებიდან ხარისხის ამაღლება მოხდება, გაყიდვები გაიზრდება თუ რა კონკრეტული შედეგი ექნება ნიშანდების შემოღებას. აბსოლუტურად გაუგებარია რაში უნდა გადაიხადონ მეწარმეებმა თანხა. ბოთლზე 10 თეთრიც არის აბსოლუტურად ნომინალური ღირებულება. ამას ახლავს კიდევ დამატებითი დრო, ხალხი, რომელიც უნდა დაამატო და რეალურად რა მიზანს ემსახურება, არავინ იცის და ეს არის დღისით-მზისით რეკეტი. მე მივმართავდი ჩვენს დიდ მეღვინეებსაც, რომ ხმა აიმაღლონ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, 1-ელ თებერვლამდე ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს ხარკი ოფიციალურად შემოიღონ.
აქ კიდევ ბევრი ტექნიკური პრობლემაც წარმოიშობა. გამოვიდა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და თქვა, რომ ვისაც ეს ნიშანდება არ ექნება, ეს ნიშნავს, რომ ის ღვინო არ არის ხარისხიანი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ერთი და იგივე კომპანიის ერთი და იგივე ღვინო სხვადასხვა ბაზრებზე მოხვდება ნიშანდებით და ნიშანდების გარეშეც. იმიტომ რომ ახლა გადატვირთული ღვინო შეიძლება არ გაიყიდოს 6-7 თვე, რიგში მოუწიოს დგომა და შემდეგ მას რომ ამოუყენებ ისეთ ღვინოებს, რომელსაც ეს ნიშანდება ექნება, უკვე მომხმარებელიც ძალიან დიდ გაუგებრობაში ჩავარდება“, - განაცხადა ვასილ მანაგაძემ.
ცნობისთვის 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო ნიშანდება ამოქმედდება. ნიშანდების საფასური ოფიციალურად დადგენილი ამ დრომდე არაა, თუმცა ცნობილია, რომ მისი სავარაუდო ღირებულება ერთ ბოთლზე 10 თეთრი იქნება, მცირე მარნები კი აღნიშნულ საფასურს არ გადაიხდიან.
























