მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოტივაციის თეორია არ უნდა დაირღვეს, თუ ვიღაც კარგად მუშაობს, ის უნდა იყოს "თეთრ სიაში" - პაატა ტრაპაიძე

პაატა ტრაპაიძე

“კავკასუს როუდ პროჯექტის“ გენერალური დირექტორი პაატა ტრაპაიძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას - არ გააუქმოს ე.წ. თეთრი სია და ახალ სისტემაზე გადაეწყოს, დადებითად აფასებს.

როგორც BMG-ის ტრაპაიძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, კრიტერიუმები გამკაცრდეს, თუ რომელი კომპანიები შეიძლება მოხვდნენ სახელმწიფო შესყიდვების „თეთრ სიაში“ და შესაბამისი შეღავათებით ისარგებლონ.

"“თეთრ სიასთან” მიმართებაში თავიდან ძალიან რადიკალური მიდგომა იყო, რომ მისი გაუქმება იგეგმებოდა. თუმცა შეხვედრაზე მოვისმინეთ, რომ კი არ გაუქმდება, არამედ მისი ევოლუცია მოხდება. მიმაჩნია, რომ ევოლუცია ნებისმიერ დროს უკეთესია, იმიტომ რომ, გამოიღებს უფრო შორს მიმავალ და შეუქცევად შედეგებს.

“თეთრ სიასთან” დაკავშირებით პრობლემა წამოიჭრა იმიტომ, რომ როგორც მე გავარკვიე, სხვადასხვა კომპანიებმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენეს ეს და 400 მილიონი ლარი აქვთ აღებული ავანსებად. ამ თანხის ამოღების პრობლემაა, რადგან ის საბანკო გარანტიით არ არის დაფარული. 400 მილიონ ლარს ვინ შეარჩენს?

[მინისტრთან შეხვედრაზე] საუბარი იყო იმაზე, რომ უნდათ თეთრი სია დარჩეს, ოღონდ კრიტერიუმები შეიცვალოს. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ არ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი რაღაც კონტრაქტების შესრულების გამო იყოს თეთრ სიაში.

ახლა კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესში არიან და მე სრულებით ვეთანხმები, რომ მოტივაციის თეორია არ უნდა დაირღვეს. თუ ვიღაც კარგად მუშაობს, ის უნდა იყოს თეთრ სიაში და ვიღაც არაკეთილსინდისიერად იყენებს ამას, ის ნამდვილად უნდა დაისაჯოს”, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, 2029 წლიდან "თეთრ სიასთან" მიმართებით ახალ სისტემაზე გადავა.

ახალი მოდელის თანახმად, "თეთრი სიის" შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით განისაზღვრება, 2029 წლიდან კი ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები "თეთრ სიაში" მოხვდებიან და შესაბამისი პრეფერენციებით ისარგებლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები