მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თეთრი სია" არ გაუქმდება, თუმცა გამკაცრდება. ახალი სისტემა 2029 წლიდან ამოქმედდება - სამინისტრო

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ 2029 წლიდან "თეთრ სიასთან" მიმართებით ახალ სისტემაზე მოხდება გადასვლა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

შეხვედრაზე მინისტრმა კომპანიებს "თეთრ სიასთან" დაკავშირებული გადაწყვეტილება გააცნო. ახალი მოდელის თანახმად, "თეთრი სიის" შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით განისაზღვრება, 2029 წლიდან კი ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები "თეთრ სიაში" მოხვდებიან და შესაბამისი პრეფერენციებით ისარგებლებენ.

"ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ "თეთრ სიასთან" მიმართებით არასწორი პრაქტიკა იყო. ამაზე, მე მგონი, საბოლოო ჯამში, ბიზნესიც და ჩვენც ყველანი შევთანხმდით. შესაბამისად, მთავრობამ ქმედებების განხორციელება დაიწყო, რომელმაც ამ პროცესის გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი. დღეს, ბიზნესს ის გარდამავალი ეტაპი შევთავაზეთ, რომელიც ამ მიმართულებით გვექნება - სამწლიანი ეტაპი, როდესაც ეტაპობრივად საავანსო გარანტიების გაზრდა მოხდება და უკვე 2029 წლიდან ჩვენ ახალი სისტემით, ახალი პროცედურებით განვაგრძობთ მუშაობას, სადაც "თეთრი სიის" ფორმირების პროცედურა გაცილებით უფრო შეცვლილი იქნება და ამავე დროს, ის ბენეფიტები თუ რით ისარგებლებენ "თეთრ სიაში" მოხვედრილი კომპანიები.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. მათ შორის, პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა და ვფიქრობთ, ის გადაწყვეტილება, რაც დღეს ჩვენ გავაჟღერეთ ბიზნესთან, მათთვის, მათი სიძლიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის მათთვის შესაძლებლობა, რომ იზრუნონ თავიანთი კომპანიების გაძლიერებაზე და გაზრდაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ერთ-ერთი მთავარი რაც იქნება ჩვენთვის და რაზეც კომპრომისი არ და ვერ იქნება, ეს არის ხარისხი, ვადები და შესაბამისად ხარჯთეფექტურობა. ამ მიმართულებითაც გვქონდა ჩვენ მთავრობის ინიციატივა, რომელიც მათ გავაცანით და მგონია, რომ ძალიან ჯანსაღი პროცესი მიდის.

არაუზრუნველყოფილი ავანსის გადახდა არის გარკვეული რისკის შემცველი, იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს ექმნება თანხის დაკარგვის რისკი. შესაბამისად, ეს პროცესი და ეს პროცედურები არ იყო სწორად დარეგულირებული და სახელმწიფო საკმაოდ კაბალურ პირობებში აღმოჩნდა რამდენიმე შემთხვევაში. ჩვენს მიერ ზუსტად ამიტომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. დღეს, "თეთრ სიაში" არსებულ კომპანიას ავანსის მიღების დროს აქვს ვალდებულება, რომ წარმოადგინოს 50%-იანი საბანკო გარანტია. ჩვენ ვამბობთ, რომ 2026 წელს ეს იქნება 60%, 2027 წელს ეს გაიზრდება 70%-მდე, 2028 წელს იქნება 80%-ის ვალდებულება და შესაბამისად 2029 წლიდან საერთოდ ახალ სისტემაზე გადავალთ. ეს არის გარკვეულწილად რბილი გადასვლა და ეს ბუნებრივია არ შეეხება უკვე არსებულ კონტრაქტებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან ეს არის სამართლიანი მიდგომა, მათ შორის ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, თუმცა მათაც მოუწევთ აქტიურად მუშაობა, რომ აყვნენ იმ თამაშის წესებს, იმ პირობებს, რომელსაც ახლა ვაწესებთ, მიაქციონ და იზრუნონ ხარისხზე, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერანაირ კომპრომისს ვერ დავუშვებთ ხარისხთან დაკავშირებით", - განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე, ასევე ყურადღება დაეთმო ფასების პოლიტიკას. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან განიხილება ინიციატივა, დაინერგოს ფასწარმოქმნის ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს საბაზრო ღირებულების განსაზღვრას და მის გათვალისწინებას სახელმწიფო შესყიდვებში.

"ამაზე წინა შეხვედრებზეც ვსაუბრობდით, აქტიურად ვმუშაობთ, რომ რეალური საბაზრო ღირებულებები დადგინდეს ნებისმიერი მიმართულებით, რაც ასევე ბიზნესისთვისაც არის აქტუალური. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები და ჩვენ სამომავლოდ იმ ტენდერებში, რომელსაც გამოვაცხადებთ, აუცილებლად გვექნება სამართლიანი საბაზრო ღირებულება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყოველთვის შეეცდება, რომ თავისი ინტერესი დაიცვას",- თქვა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები