მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა" – "ალკო სერვისი" გაფართოებას გეგმავს

ალკო სერვისი

ალკოჰოლური სითხის შეფუთვის კომპანია „ალკო სერვისი“, რომელიც თბილისში მე-6 წელია ოპერირებს, საქართველოს რეგიონებში გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა, მიხეილ დავითელაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, მართალია აღნიშნული ჯერჯერობით იდეის დონეზეა, თუმცა მზარდი მოთხოვნის ფონზე, კომპანია დიდ ქალაქებში გეგმავს ფილიალების გახსნას, რაც მათ მოქნილობას გაზრდის:

„გვაქვს იდეა, რომ ოფისები ქუთაისში, ბათუმში და სხვა დიდ ქალაქებში გავხსნათ. ჯერჯერობით ეს მხოლოდ კონცეფციის დონეზეა“, – ამბობს ის და დასძენს, რომ წლევანდელი მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი და ეს ტენდენცია წლიდან წლამდე სტაბილურად ნარჩუნდება.

მისი თქმით, კომპანიის ოფისი თბილისში მდებარეობს და სრულ მომსახურებას სთავაზობს როგორც საოჯახო მარნებსა და მოყვარულ მეღვინეებს, ისე მცირე საწარმოებს. სერვისი მოიცავს ფილტრაციას, ბოთლირებას, ეტიკეტირებას, ჩამოსხმას და ღვინის ბოთლში შეფუთვისთვის საჭირო ყველა პროცესს.

„ღვინო ან ადგილზე მოგვაქვს, ან თავად მივდივართ მომხმარებელთან და უზრუნველყოფთ ფილტრაციასა და ჩამოსხმას. თუმცა, ძირითადად ადგილზე მივდივართ და უზრუნველვყოფთ წარმოებული ღვინის ბრენდირებას. არის შემთხვევები, როდესაც მეღვინეებს ღვინის დაყენებაშიც ვეხმარებით. დატვირთული გრაფიკი გვაქვს, რადგან პორტფელში ბევრი ობიექტი გვყავს. სერვისის ფარგლებში, კომპანიებს ვთავაზობთ ბოთლებს, ეტიკეტებს და ყველა საჭირო მასალას“, – აცხადებს დავითელაშვილი.

კომპანია ამ დროისთვის შვიდ თანამშრომელს ასაქმებს და ნებისმიერი რაოდენობის ღვინის ჩამოსხმა შეუძლია. მფლობელის თქმით, ბიზნესმა „მეტ–ნაკლებად გაამართლა“, რაც მომხმარებელთა კმაყოფილებასა და მზარდ მოთხოვნას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები