სკოლების მოსწავლეების მშობლები ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გაძვირებული სასკოლო ექსკურსიების შესახებ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სასკოლო ექსკურსიებისთვის მძღოლების დაჯავშნა სკოლებს ჯერ კიდევ თებერვალში ჰქონდათ დაწყებული, შესაბამისად ახლა ავტობუსების დეფიციტი და სერვისზე მაღალი ტარიფებია.
მშობელი, მაკა ახვლედიანი BM.GE -სთან აცხადებს, რომ ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების დისბალანსია. მისი თქმით, სასკოლო ექსკურსიებისთვის ავტობუსებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, თუმცა მძღოლები ამ დროისათვის უკვე სრულად დაჯავშნილი არიან ან ფასი იმდენად ძვირია, რომ მოსახლეობის გადახდისუნარიანობას აღემატება.
"დაახლოებით, ორი თვის წინ, ვინც სასკოლო ექსკურსიის დაორგანიზება დაიწყო, მას უფრო აქვს შანსი იმისა, რომ ექსკურსიაზე წავიდეს, ახლა კი ექსკურსიებისთვის მზადების დაწყება არარეალურია. ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია. მოთხოვნა ძალიან დიდია და ავტობუსების დეფიციტია.
რამდენიმე წლის წინ, საბაზისო ეტაპზე ერთი ადამიანი, ტრანსპორტირებითა და წახემსებით თუ 50 ლარი ჯდებოდა, 3-4 წელიწადში ექსკურსიაზე წასვლის ბიუჯეტი 100 ლარამდე ავიდა და დღეს უკვე 100-დან 200 ლარამდე მერყეობს, თუ კვებას და ტრანსპორტირების ხარჯებსაც გავითვალისწინებთ. მაგალითად, კახეთში ექსკურსიაზე წასვლისთვის მძღოლმა 1800 ლარი მოგვთხოვა, რაც არარეალური ფასია.
რეგულაცია, რომელიც ბოლო წლებში სიახლე იყო, მას ვფიქრობ, რომ დიდ ფინანსურ ხარჯთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. სავარაუდოდ, ეს მიწოდებაც რომ მცირეა შესაბამისად თვითონ, ინდივიდუალურად ზრდიან ფასებს და მომხმარებელიც არის, უფრო მეტიც რომ იყოს შეთავაზება, მსურველები რიგში არიან“, - აცხადებს მშობელი.
კიდევ ერთი მშობელი გვეუბნება, რომ ერთდღიანი ექსკურსიისთვის, ავტობუსი ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში დაჯავშნეს, ასე რომ არა, ახლა ამას ალბათ ვეღარ შეძლებდნენ:
"არ ვიცი, მოთხოვნა რამ გაზარდა, ვინაიდან სასკოლო ექსკურსიები გაზაფხულზე ისედაც ყოველთვის იყო. წელს, ივნისისთვის ავტობუსი მარტში რომ არ დაგვეჯავშნა, ალბათ ვერ დავგეგმავდით წასვლას. მეორე კლასელების თბილისთან ახლოს ერთდღიან ექსკურსიაში 800 ლარი უნდა გადავიხადოთ", - გვეუბნება მშობელი.