მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოთხოვნა შემცირებულია, ტურისტული პაკეტები  20-30%-ით გაძვირდა - სალომე ბერაია

სალომე ბერაია

ტურისტული პაკეტები 20-30%-ით გაძვირდა - ამის შესახებ PEGAS Touristik Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ გამყვან ტურიზმში ტენდენციების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სექტორში კლება ნამდვილად შეინიშნება და ტენდენციები აჩვენებს, რომ 2025 წელი სექტორისთვის გამორჩეული ვერ იქნება.

“ვერ ვიტყვი რომ მომართვიანობა სრულად შეჩერებულია, თუმცა თუ შევადარებთ 2024 და 2023 წლებს კლება საგრძნობია. ჩვენი კომპანიის მაგალითზე დაახლოებით 18-20%-იან კლება გვაქვს, რაც მცირე რიცხვი არ არის, თუმცა ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ ქართველი მომხმარებელი სეზონის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდება. თუმცა, სამწუხაროდ, ნაადრევი ჯავშნების პრივილეგიები და უპირატესობები, რაც შევთავაზეთ ქართველ მომხმარებლებს რა თქმა უნდა, უკვე გამორჩათ. ფასებმა საგრძნობლად მოიმატა და ის შეთავაზებები რაც გვქონდა იანვარსა თუ თებერვალში უკვე ჩახურულია”, - განაცხადა “საქმის კურსში” სტუმრობისას სალომე ბერაიამ.

PEGAS Touristik Georgia-ს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სექტორში ფასების ზრდის ტენდენციაა. გაძვირდა სასტუმროში განთავსება, ავიაბილეთები და ტრანსფერი.

“საუბარია 20-30%-იან გაძვირებაზე მასიურ ტურისტულ მიმართულებებზე. ასეთ ქვეყნებში თითქმის ყველგან ეკონომიკური კრიზისია, ამას სტატისტიკით ვერ დავასაბუთებ, მაგრამ როგორც მოქალაქე ამას ვგრძნობ და ჩემი კოლეგებიც, სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამ განწყობას გვიზიარებენ. სასტუმროს ფასებმა 16-20%-ის ფარგლებში მოიმატა.მოიმატა საწვავის ფასმა, რაც აისახა ტრანსფერის ღირებულებაზე. ავიაბილეთებზე ფასების ზრდა გვაქვს, რაც პანდემიის შემდეგ ყოველწლიურად შეიმჩნევა. თავად ტურისტულ პაკეტზე ღირებულება მომატებულია 30%-მდე. გააჩნია მიმართულებას: თურქეთში ფასებზე 20%-იანი ფასნამატი გვაქვს, ეგვიპტეში - 25%-მდე, ევროპის ქვეყნებში 30% და მეტი. ყველასთვის საყვარელი ავიაკომპანია, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომი იყო, აღარ არის ისეთი ბიუჯეტური. რაც უნდა ადრე შეიძინოთ ბილეთი საკმაოდ ძვირია”, - ამბობს სალომე ბერაია და აღნიშნავს, რომ კომპანიის გეგმები რეალისტური პროგნოზების შესაბამისია.

“არ გვაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რეალისტები ვართ. ზუსტად ვხედავთ სიტუაციას. იგრძნობა ტენდენციები. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ გამორჩეული წელი არ იქნებოდა. ვცდილობთ, მინიმალურად ზარალიანი იყოს და მშვიდად მივყვეთ გეგმებს”, - აცხადებს ბერაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები